გავიღვიძე მონასტრის ზარამდე. გუშინ გეშეს სწავლებამდე კარინმა აგვიხსნა ტიბეტური ეტიკეტი, მასწავლებელს ფეხზე ამდგარი უნდა დავხვდეთ. როდესაც შემდეგ კატინსაც ფეხზე ამდგარი დავხვდით უეჭველი ესიამოვნა.
კარინის სწავლება საინტერესოა. გეშესგან მეტს ველოდი. შეიძლება ენის პრობლემაა, ინგლისური ხომ არაა ჩვენი მშობლიური ენა, არც ჩემი, არც მასწავლებლების, ბუდიზმი და დჰარმა კი რთულია. რთულია ამ ყველაფრის გონებაში სწორად თარგმნა, გაგება… ინგლისურ ენოვნები უკეთეს დღეში არიან. ახლა დილის ყავა და მედიტაციაა.
დილის მედიტაცია არ იყო კარგი. დავიწყე ნორმალურად, მაგრამ მერე ძილი მომერია და ბოლო ნახევარი საათი ძილს ვებრძვოდი. სხვა რამეზე კონცენტრაცია არ შემეძლო. აქ ძალიან ბევრი ბავშვია. ყველაზე პატარები 5 – 6 წლისები იქნებიან. ბერების მანტრები მესმის.
დისკუსია რეინკარნაციაზე გვქონდა. საინტერესო გამოვიდა, ვის როგორ ესმის ეს თემა. რეინკარნაცია არის ენერგეტიკის, გონების გადაცემა სხვა პიროვნებისთვის. როგორც შვილი გენეტიკური გაგრძელებაა, ასევეა რეინკარნაცია, სულიერი ენერგიის(?) გაგრძელება…
შესაძლოა თუ არა მედიტაციის მეშვეობით აღადგინო დავიწყებული მოგონებები, როგორც ჰიპნოზისას? კი.
ნაგარკოტში გაცნობილი ავსტრიელის სიტყვები მახსენდება – მნიშვნელობა აქვს ხალხს.