ბანგალორიდან ჰამპიმდე ღამის ავტობუსი 9 საათი მოდიოდა. კიდევ შესაძლებელია მატარებლით ჰოსპეტამდე მისვლა და იქედან ჰამპიმდე ავტობუსით. ჰამპი ძველი ინდური ქალაქია, რომელიც XVI საუკუნეში მუსულმანებმა აიღეს და მას შემდეგ აქ ცხოვრება აღარ განახლებულა. დაწვრილებით ამაზე მოგვიანებით დავწერ. ისტორიული ნანგრევების გარდა ამ რეგიონში ულამაზესი პეიზაჟებია. ამ ყველაფრის გამო ჰამპი ძალიან ტურისტული ადგილია, თან ტურისტების ძალიან დიდ პროცენტს ებრაელები შეადგენენ.
თავად ისტორიული ქალაქი და სოფელი ჰამპი მდინარის სამხრეთ ნაპირზეა. სოფელში ბევრი რესტორანი და გესთჰაუსია, თუმცა რამდენიმე წელია რაც ჩრდილოეთი ნაპირი კიდევ უფრო პოპულარული გახდა ზარმაცული დასვენების მოყვარულთათვის. აქ კიდევ უფრო მეტი გესთჰაუსი და რესტორანია.
აქეთ მხარეს ლამაზი ბუნებაა, ბანანების და ქოქოსების პლანტაციები, გესთჰაუსები და რესტორნები, სადაც რამდენიმე დღით ჩასული ადამიანი რამდენიმე კვირა შეიძლება ჩარჩეს. მდინარეზე ხიდები არაა. ჰამპიში და ანეგუნდიში ბორნებითაა გადასასვლელი, ფასი 10 რუპი. 50 რუპი ღირს დაწნული კალათისებრი ნავი.
ახალი წლის პერიოდში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ფასებიც იკბინებოდა. მე კოპანში გაცნობილ ამხანაგს მივადექი ჰამპიში და მასთან ერთად დავსახლდი შანტიდამა გესთჰაუსში, რომელიც 1000 რუპი ღირდა რაც ინდოეთისთვის სულ არაა იაფი! თან არც ტელეფონი იჭერდა არც ინტერნეტი იყო, ცხელი წყალი კი ვედროთი, რაც სამხრეთ ინდოეთში საკმაოდ ხშირია.
საერთოდ ჰამპიში და შემოგარენში ტელეფონი სერიოზული პრობლემაა, ყველგან ცუდად იჭერს, 3G კიდევ უარესად. wi-fi სადაც არის ძალიან ნელია. მოკლედ აქ ფრილანსერული მუშაობა არ გამოვა. ჩვენი შანტიდამადან ჰანუმანის ტაძარზე ავდიოდით კავშირგაბმულობისთვის.
ჰამპიდან ავტობუსები დადის ბანგალორში, გოასა და გოკარნაზე. გოა-გოკარნა 900 რუპი ღირს.
ძალიან სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია – ადგილობრივი გიდი და ტუროპერატორი – მურტი. ჩემი ამხანაგის მეგობარია, სანდო კაცი. აწყობს ტურებს გოადან ჰამპიში და კარნატაკაში სხვადასხვა მიმართულებებით. ვისაც შეიძლება დაგჭირდეთ გაითვალისწინეთ – მურტი ტელეფოონის ნომერი – +919449265441. მის მშობლებს პატარა მაღაზია აქვთ ჰანუმანის ტაძრის მთის ძირში.
ჰამპიში ულამაზესი მზის ჩასვლებია და ბევრი ადგილი საიდანაც ამ სილამაზით დატკბობაა შესაძლებელი. რესტორნებში ინდური კერძების გარდა მრავლადაა ხუმუსი, ფალაფელი, შაკშუკა – ებრაელი ტურისტების სიმრავლის გამო. გადასაადგილებლად საუკეთესო საშუალებაა სკუტერის ქირაობა, იანვარში დღე 300 რუპი ღირდა.
სიფრთხილეა საჭირო საჭმელზე. როგორც ყველგან ინდოეთში. ჩვენთან 2 ადამიანი მოიწამლა. წყალიც ცუდია კბილების გამოსახეხად.
ჰამპიში არცერთი ბანკომატი არაა. უახლოესია ანეგუნდიში, მაგრამ ჩვენ მუშა მდგომარეობაში არ გვინახავს. კიდევ არის 15 კილომეტრში განგავატიში. განგავატი ჩრდილოეთ ნაპირზე ქალაქია სადაც ბანკომატებიცაა და ტრანსპორტიც.
ახალი წლის მცირე ბიუჯეტით გადაგორება ინდოეთში რთული საქმეა, 1-2 იანვარს ყველგან ხალხმრავლობაა ფასები მაღალი, სასტუმროები გადავსებული. თან ამას ემატებიან ინდოელი დამსვენებლებიც.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.