ჯომსომი, პირველი გასეირნება. ნეპალი

 ჯომსომი, როგორც წინა პოსტში დავწერე მუსტანგის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს ქვემო მუსტანგში, 2700 მეტრის სიმაღლეზე. მისი სახელწოდება არის ნეპლურად წარმოთქმული ტიბეტური ძონგსამი რაც ახალ ციხეს ნიშნავს. ქვემო მუსტანგის ტერიტორია ანაპურნას ეროვნულ პარკს ეკუთვნის და აქ მოსახვედრად საშვია საჭირო, რომელიც პოჰარაში მქონდა ნაყიდი 50$. საშვი აეროპორტშივე შემიმოწმეს. თუმცა ნეპალელები შემოწმებებზე თავს დიდად არ იკლავენ.
ჯომსომი პატარა კოხტა ქალაქია, მთლიანად ქვისგან ნაშენი, ტიპიური ტიბეტური არქიტექტურა.

ჩემი სასტუმრო ამ ქუჩაზეა.
თუმცა ხეობაში მუდმივი ქარების გამო მტვრიანი და ცივია. პრინციპში ჯომსომმა ჩემზე ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა კალი-განდაკის ხეობაში, თუმცა ალბათ უფრო სუბიექტური ვიდრე ობიექტური მიზეზების გამო.

 ჩაი დავლი, ცოტა აზრზე მოვედი და სასეირნოდ წავედი. ხეობა ასევე ვაშლებითაა ცნობილი. აქ ვაშლებს ჭრიან ახმობენ და ყიდიან.

 ვაშლის საჭრელი მანქანა:)

 ცენტრი

 “ძველი ჯომსომი” აქ იწყება. თავისებური ჭიშკარიცაა. ახლანდელი ცენტრი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას იკავებს. ძველ ნაწილში კი პირველი რაც ვნახე სამხედრო ბაზა იყო, რომლის გადაღება არ შეიძლება.

 ბუდისტი ბერი და ინდუისტური სალოცავი. მთაში ძირითადი რელიგია ბუდიზმია. ეს ერთადერთი ინდუისტური სალოცავია სამხედრო ბაზის წინ.

 ხიდი, სალოცავი დროშები და მდინარე… სალოცავი დროშები ტიბეტური ბუდიზმის მნისველოვანი ატრიბუტია.

 ხიდი. ჩვენი ბეწვის ხიდების შემდეგ კაპუტალურად გამოიყურება.

 ხედი მეორე ნაპირიდან. ტიპიური პეიზაში, ქვიშის ფერი მთები, ხეები მხოლოდ ხელოვნურად იზრდება დასახლებებში.

 სიმინდის გაშრობა და ტიბეტურ-ჰიმალაური მადუღარა. ამ სიმაღლეზე წყალი დაბალ ტემპერატურაზე დუღს. მზე კი იმდენად ძლიერია, რომ მისი ენერგიით შეიძლება ჩაიდნის ადუღება. ასეთი მოწყობილობები აქ ძალიან გავრცელებულია.

 ძველი ჯომსომის ქუჩა.

 ალბათ კაპიტალური ხიდის მშენებლობა იგეგმებოდა კალი-განდაკიზე.

 ტიპიური ქუჩა

 სახურავები, შეშა და სალოცავი დროშები.

 მატყლიანი ბოჩოლა შემხვდა. აქაური ძროხები ჩვენსაზე გაცილებით თმიანი არიან. თუმცა ამ ხრიოკ მთებში რითი ბალახობენ ჩემთვის ამოუხსნელი საიდუმლო დარჩა.

 ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა მონასტერია. ჯომსომის მონასტერი ახალია და ძალიან ჭრელი. ისე ტიპიური ჰიმალაურ-ტიბეტური სოფელი თეთრია, სადაც მხოლოდ მონასტერია წითელი ფერის. ეს მონასტერი ჭრელია, თან თანამედროვე.

 ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა.

 უკან ჯიპების სადგომია. ინდური ჯიპები მაჰინდრა აქ ყველაზე პოპულარული გადასაადგილებელი საშუალებაა ტურისტებისთვის. ადგილობრივები მოტოციკლეტებით დადიან.

 ავტოსადგური

და აქაური ავტობუსები, რომლებიც სოფელ გასამდე მიდიან, მუსტანგის სამხრეთ საზღვრამდე. იქედან ბენიმდე ავტობუსი უნდა იშოვოს კაცმა და ბენიდან პოჰარამდე.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply