2008 წლამდე ნეპალი ერთადერთი ინდუისტური მონარქია იყო. ანუ შაჰების დინასტიის მეფე, სხვა სიკეთეებთან ერთადაც ოფიციალურად ვიშნუს რეინკარნაციად იყო აღიარებული. შაჰების დინასტია კი ნეპალს XVIII საუკუნის 60-ანი წლებიდან მართავდა. 90-ან წლებში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს მონარქიის პოზიციები საგრძნობლად დასუსტდა. 2001 წელს სამეფო ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ კი მონარქიის ინსტიტუტის ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა. ამ ტრაგედიის რეალური მიზეზები დღემდე ბევრ ეჭვს ბადებს. ერთ მშვენიერ დღეს, სადილზე პრინცმა დიპენდრამ დახვრიტა საკუთარი ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი მამა – მეფე ბირენდრა და შემდეგ თავი მოიკლა. თავად პრინცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სამეფო ოჯახიდან მხოლოდ მეფის ძმა გიანენდრა გადარჩა, რომელიც ამ დღეს არ იყო სასახლეში. ახალი მეფე არ სარგებლობდა პოპულარობით, თან სამეფო ოჯახის დახვრეტას მასაც აბრალებდნენ. ასეა თუ ისე, გიანენდრა 2008 წელს იძულებული გახდა გადამდგარიყო და ნეპალი გახდა რესპუბლიკა.
თუმცა ახლად გამომცხვარი რესპუბლიკა არ გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბილურობით. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად ძალაუფლებაში მოსული კომუნისტები და კონსერვატორი მონარქისტები (ჰო აქ კოაბიტაცია მოხდა და დღემდე გრძელდება) ვერ შეთანხმდნენ ახალ კონსტიტუციაზე. საკონსტიტუციო ასამბლეას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა ახალი კონსტიტუციის მისაღებად. ბოლო ბოლო 2015 წლის სექტემბერში, როგორც იქნა ქვეყანამ კონსტიტუცია მიიღო. ნეპალელების უმრავლესობისთვის ეს გახდა იმედის მომცემი ფაქტი, რომ ქვეყანა გამოვა პოლიტიკური არასტაბილურობიდან და დაიწყებს განვითარებას. მაგრამ, სამხრეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა – მადჰესები, რომლებიც ენითაც და კულტურითაც უფრო ინდოელები არიან, უკმაყოფილოები დარჩნენ და დაიწყეს არეულობები.
ასე დაიწყო ბლოკადა, რომელიც თებერვლამდე გაგრძელდა. ნეპალი ინდოეთის მთავრობას ადანაშაულებდა გამოუცხადებელ ბლოკადაში და მადჰესების არეულობების წაქეზებაში. ინდოეთის მთავრობა რა თქმა უნდა უარყოფდა ბრალდებებს და ყველაფერს საზღვარზე არასტაბილურობას და უსაფრთხოების არ არსებობას აბრალებდა. როგორც შედეგი ბენზინი მხოლოდ შავ ბაზარზე იშოვებოდა თან ცეცხლის ფასად – ნოემბერში საშუალოდ 400 რუპი ღირდა ლიტრი, დეკემბერში 300 რუპიზე ჩამოვიდა. გაზი საერთოდ დეფიციტი გახდა, ხალხი შეშას ჩეხავდა და ფიჩხს აგროვებდა. გაჩერდა ბევრი საწარმო, როგორც ამბობდნენ დეფიციტი მედიკამენტებზეც იყო. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ოქტომბრის ბოლო არჩეული ახალი მთავრობა და პრეზიდენტი მოაგვარებდნენ ინდოეთთან ურთიერთობებს, მაგრამ ამაოდ. ნოემბერში რომ ჩავედი ბლოკადა გრძელდებოდა და ბოლო არ უჩანდა. ამ ყველაფერმა საგრძნობლად დაასუსტა ისედაც სუსტუი ეკონომიკა, თუმცა შეიძლება სუსტი და პრიმიტიული ეკონომიკის წყალობით ქვეყანამ მოახერხა 5 თვიანი ბლოკადის გადატანა…
ჩემი ნეპალში ყოფნის პერიოდში ანტიინდური განწყობა ძალიან ძლიერი იყო. კედლებზე წარწერები, ხალხის აზრი.. ინდოეთს ყველა ლანძღავდა. სრულიად უცნობი გამვლელებიც ცდილობდნენ უცხოელებისთვის აეხსნათ რა უსამართლოდ იქცევა ინდოეთი, რომ ეს მათი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ბლოკადა და ინდოეთის პოლიტიკა მთავარი თემები იყო ყველგან. მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ვუყვებოდი რუსეთის პოლიტიკაზე.
ბაქტაპურში ერთ მშვენიერ დილას, დურბარის მოედანზე ანტიინდურ დემონსტრაციასაც წავესწარი, სადაც სტუდენტები ინდოეთის პოლიტიკის დამგმობ ხელმოწერებს აგროვებდნენ. მეც მოვუწერე ხელი და რუსეთის ანალოგიურ პოლიტიკაზე მოვუყევი. თუმცა ხელმოწერები რას უშველოდა არ ვიცი.
მოკლედ, დემონსტრაციები აქაც არ ამცდა.
ბლოკადის თემაზე ბავშვების ნახატების გამოფენაც მოაწყეს. საინტერესო იყო ბავშვების თვალით დანახული ბლოკადა…
ჰო ეს 2072 წლის მერვე თვის 26 რიცხვში ხდებოდა 🙂 ჩვენთვის კი 2015 წლის 11 დეკემბერი იყო 🙂
ეს ბოლო პოსტია ბაქტაპურიდან. მეორე დღეს კატმანდუში დავბრუნდი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.