ქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში

/ნუგზარ კვარაცხელია, 1999/ 
როგორც ცნობილია, III-V საუკუნეში დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის გათიშვის პროცესი, რაც იმით დამთავრდა, რომ 1054 წელს ქრისტიანობა ოფიციალურად გაიყო ორ ძირითად მიმართულებად: მართლმადიდებლურად და კათოლიკურად.
კათოლიკობა იქცა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ ძირითდ მიმართულებად მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმთან ერთად.

საქართველოს ქრისტიანული ეკლესია ბერძნული წესის (მართლმადიდებლური) მიმდევარი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საქართველოს მეფეებისათვის, რათა ურთიერთობა ჰქონოდათ კათოლიკური ეკლესიის მამამთავართ ან რომის პაპთან. ამ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ცნობილია, რომ XIII საუკუნეში საქართველოს მეფე რუსუდან დახმარებას თხოვდა რომის პაპს – გრიგოლ IX-ს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში და თანაც აღუთქვამდა საქართველოს ეკლესიის შეერთებას რომის ეკლესიასთან, რაც, თავისთავად ცხადია, ქართველთა გაკათოლიკებას გამოიწვევდა.
“რომთან ამგვარ ურთიერთობას მოჰყვა კათოლიკე მისიონერთა შემოსევა საქართველოში. პირველი მისიონრები იყვნენ ფრანცისკელთა ორდენის წევრები, რომლებმაც იაკობ როგსანელის ხელმძღვანელობით თბილისში მონასტერი დაარსეს და შეუდგნენ კათოლიკობის პროპაგანდას. 40-იან წლებში მათ მოყვნენ დომინიკელთა ორდენის წევრები და დააარსეს თავიანთი მონასტერი. ზოგი გაკათოლიკებული ქართველი ამა თუ იმ ორდენის წევრი ხდებოდა.” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. გვ 319)
1329 წელს, პაპ იოანე XXII-ის ნრძანებით თბილისში დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო,
რომელიც XVI ს-ს დასაწყოსში ოსმალეთის შემოსევების გამო გაუქმდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე საათაბაგოში ძლიერ მოიკიდა ფეხი კათოლიკობამ. როგორც პატრი მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავს: “მისიონერებმა ოსმალოს მთავრობისგან მოიპოვეს ის პრივილეგია რომ არც ერთი გაკათოლიკებულისათვის ძალა არავის დაეტანებინა მაჰმადის სარწმუნოების მისაღებად. პაპის ძლლიერი მფარველობით აღმოსავლეთში კათოლიკობა შეიქმნა ქრისტიანობის მტკიცე შესახიზნარი (თავშესაფარი). ისინიც თავისუფლად იქცეოდნენ კათოლიკედ, რაღა დევნილობა თავიდან აეცილებინათ” (მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთ შორის, გვ 80, თბილისი, 1902 წ.)
აღსანიშნავია, რომ კათოლიკე მისიონერები დიდი ყურადღებით და თანადგომით სარგებლობდნენ. იმერეთის მეფეები პატივისცემით ექცეოდნენ მისიონერებს. ცნობილია, რომ იმერეთის მეფემ, ალექსანდრე III-მ საეკლესიო მსახურებისათვის წმინდა სოფიის ეკლესია მისცა ქრისტეფორე კასტელს (1644-1646 წწ). მ. თამარაშვილი აღნიშნავს, რომ “პატრმა (ქრისტეფორე კასტელმა) სთხოვა მეფეს, სამეფო ქალაქ ქუთაისში დაემყარებინა თავისი ბინა. მეფემაც საბუთის ქაღალდით მისცა დიდათ შესანიშნავი წმინდა სოფიის ეკლესია და რამდენიმე სახლი თავის პალატთან ახლოს. რა დაისაკუთრა მშვენიერი ეკლესია, მორთო იგი ლათინურს წესზედ, დაიწყო ქადაგება და საეკლესიო წესების აღსრულება – პატრმა დაიწყო კათოლიკე სრწმუნოების გავრცელება ისე, როგორც ექმნა გურია-სამეგრელოში.”
კათოლიკობის გავრცელების ერთ-ერთ ხელის შემწყობ პირობად მიჩნეულია იმერელთა შემწყნარებლური ხასიათის სხვა სარწმუნოების მისამართითაც. პ. გნილოსაროვი აღნიშნავს, რომ იმერელთა საუკეთესო თვისებებს უნდა მიეწეროს აგრეთვე რელიგიური შემწყნარებლობა და უცხოელებისადმი ფანატიზმის უქონლობა. თავიანთი რელიგიური რწმენის სიმტკიცის მიუხედავად, მათ არასოდეს არ უდევნიათ სხვა რწმენისანი, პირიქით, მე -17 საუკუნის დასაწყისში ტეათინელთა ორდენის კათოლიკე ბერებმა უფლება მიიღეს დასახლებულიყვნენ იმერეთში და ხალხი კათოლიკურ რწმენაზე მოექციათ.”
საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას, როგორც პროფ. შ. ლომსაძე აღნიშნავს, ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ “ჩვენში შემოსულ მისიონერთა დიდი ნაწილი ღვთისმეტყველების გარდა დაუფლებული იყო აგრეთვე სააფთიაქო და სამკურნალო საქმეს, რასაც განუწყვეტელი ომიანობის პირობებში ჩვენი ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში ინისი ავადმოფებს უფასოდ მკურნალობდნენ და ხალხში პატივისცემას იმსახურებდნენ. ბევრი მათგანი ფლობდა სამოქალაქო დისციპლინებს: ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, მხატვრობას.
იცნობდნენ ევროპის ახალ მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში და თავიანთ მიერ გახსნილ სასწავლებლებში, საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად ამ ახალ მიღწევებზეც ესაუბრებოდნენ ქართველ ახალგაზრდობას. ქართველი მეფე-მთავრები და საეკლესიო მოღვაწენი მისიონერთან ამგვარ საქმიანობას ხელს უწყობდნენ და კიდევაც ახალისებდნენ.”
XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან იმერეთში ჩამოვიდნენ ფდარანცისკანელთა ორდენის მისიონერები, ე.წ. კაპუცინები, რომლებიც ფაქტობრივად საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის აგენტები იყვნენ. კათოლიკე მისიონერები ჩაბმული იყვნენ საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში. ევროპასთან კათოლიკობის გზით ურთიერთობას დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა. მისიონერებს შორის იყვნენ მწერლები, ექიმები, ინჟინრები და სხვა. ყოველივე ეს დადებითად მოქმედებდა საქართველოს ეკონოიკურ და კულტურულ განვითარებაზე.
სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას საქართველოს სხვა რეგიონებთან თან მოჰყვა კათოლიკე ვაჭრების გარკვეული რაოდენობის შემოსვლა იმერეთში, რომელთაც დიდად უწყობდნენ ხელს თვით იმერეთის მეფეები. როგორც ცნობილია, “სოლომონ მეორე აქტიურად მფარველობდა და ახალისებდა დიდ სავაჭრო ოპერაციებში იმდროინდელ ქართველ დიდვაჭრებს. აღნიშნავდა, რომ მან XIX ს-ის დასაწყისში ქუთაისში ჩაასახლა ახალციხიდან გადმოსახლებული ვაჭრები და საჭირო დახმარებაც აღმოუჩინა მათ” (ი. იობაშვილი, “დას. საქართველოს ქალაქები და სფლები XIX ს. რეფორმამდელ პერიოდში”, გვ. 26. 1983წ).    
ქართველი კათოლიკენი თანდათან დაწინაურდნენ იმერეთის სამეფოში. სოლომონ მეორე, გარდა საშინაო საქმეებისა, მათ ანდობდა რთულ სავაჭრო და პოლიტიკურ ოპერაციებს უცხოეთთან ურთიერთობაშიც. “მის დროს ამგვარ მოვლენებში ცნობილი იყვნენ ჩხარელი და ქუთაისელი ვაჭრები: აკოფაშვილები, მატიაშვილები, ფეიქრიშვილები, ქორქაშვილები, მურადაშვილები
და სხვ” (ი. იობაშვილი).
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ცხადია, გარკვეულწილად ხელს უწყობდა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას და კათოლიკეთა რიცხვის გამრავლებას ქუთაისში. კათოლიკობის გავრცელებას იმერეთში ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ კათოლიკე მინიონერების დიდი ნაწილი განსწავლული იყო საექიმო საქმეში. როგორც ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავს, კაპუჩინთა ორდერის ბერები, რომლებიც იმერეთში 1625 წელს დამკვიდრდნენ, მეფისა და თავადების ექიმები და დასტაქრები იყვნენ და თან უფასოდ მკურნალობდნენ ხელმოკლე ავადმყოფებს.
მკურნალობის და წმალების დამზადების ხელოვნებას ისინი ქუთაისის ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო პატრი ნიკოლა, რომელიც ფრიად განსწავლული მკურნალი იყო. “პატრი ნიკოლა 1800 წელს ჩამოვიდა ქუთაისში. სოლომონ II-ს მფარველობითა და პატივით იგი დაბინავდა აქ და ძველ კათოლიკურ ეკლესიაში ეწეოდა მკურნალობას, აგრეთვე ქართულად ასწავლიდა მკურნალობას და წამლების დამზადებას. (ნ. აბულაძე, მ. კეზევაძე – ქართველ კათოლიკეთა მოღვაწეობის საკითხისათვის ქუთაისში) ყოველივე ამის გამო კათოლიკე მისიონერები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ხალხში, რაც, თავისთავად ცხადია, ხელს უწყობდა კათოლიკური საწრმუნოების გავრცელებას და კათოლიკეთა რაოდენობის ზრდას.
XIX ს-ში კათოლიკეთა რაოდენობა პროგრესულად მატულობდა. 1840 წელს ქუთაისში ორმოცდათხუთმეტი კატოლიკე ცხოვრობდა (მ. თამარაშვილი). 1853 წლისათვის მათი რიცხვი, პ. გნილოსაროვის ცნობით, ხუთას ოთხია. 1885 წლისათვის კი მათი რიცხვი ათას ხუთას ორმოცდა ხუთამდე გაიზარდა.
ქუთაისში მცხოვრებ კათოლიკეთაგან ჩვენთვის ცობილია შემდეგი გვარები: ტინტიკოვი, ბაინდუროვი, ისარლოვი, მურვანოვი, ჩარექოვი, ფირალოვი, აკოფაშვილი, ანდრისოვი, ფილიპეშვილი, ოცხელი, ვარამოვი, ბეგიშვილი, კოსტანოვი, გლახაშვილი, ხეჩინაშვილი, ხერთვისელი, ქაჩიხუაშვილი, ავთანდილაშვილი, დათიაშვილი, პირადაშვილი, ხარაზი, სოღოროვი, მურადოვი, ერიქოვი, გვარაშვილი, ლაჩინოვი, ხოჯავანოვი, არაზოვი, მესარკოვი. ასევე: ბეთანოვი, ფეიქაროვი, ასლანოვი, ქამაროვი, კალატოზოვი, აშიტოვი, ისპიროვი, გოზალიშვილი, ზუბალაშვილი, თურუნჯაშვილი, ბათმანიშვილი, ვარდიძე, მეფისოვი (მეფისავილი). ანდრონიკოვი, თუმანოვი, ჩილინგაროვი და სხვები.
თავისთავად ცხადია, კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება და კათოლიკეთა მომრავლება იწვევდა მათი სულიერი მოთხოვნილების ზრდას, რაც გამოიხატებოდა კათოლიკური ეკლესიის დაარსების საჭიროებაში.  
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მე-17 ს-ის 40-იან წლებში მისიონერ ქრიტეფორე კასტელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ საღვთო მსახურებისათვის წმინდა სოფიის ეკლესია მისცა, სადაც საეკლესიო წესების აღსრულება ლათინურ წესზე მიმდინარეონდა.
ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის დაფუძნების ხანად ზ. ჭიჭინაძე 1670 წელს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მანამდე კათოლიკებს ეკლესია ხის სახლში ჰქონიათ.
ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის შესახებ ცნობას გვაწვდის კაპუცინების მისიონის უფროსის მოხსენება პროპაგანდისადმი – 1814 წელს, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის ეკლესია ხის ყოფილა. სახლის კედლები ზოგან ქვისაა. იქვე ჰქონია საბაღო ადგილი. გარდა ამისა, მონასტერს ჰქონია პატარა სოფელი შვიდით თუ რვა მოსახლით, რომელიც სოლომონ მეფემ პატრი ნიკოლას აჩუქა.
ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიას (ამჟამად “ხარების” სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია) საფუძველი ჩაეყარა 1814 წელს, ხოლო მშენებლობა 1820 წელს დაუწყიათ (ჭიჭინაძე, “კათოლიკეთა ელკესიაში საქართველოში”, თბილისი, 1903 წ, გვ 75).
მშენებლობა დროებით შეწყდა საქართველოდან კათოლიკე მისიონერების განდევნისა და ეკლესიის უსახსრობის გამო.
ეკლესიის მშენებლობისა და მისი შეწყვეტის შესახებ ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის გამგე მღვდელ-მონაზონი, მისიონერი პატრი ქერუბინა სარაკეცცელი, 1840 წლის 30 აპრილს მოხსენებას უდგენს იმერეთისა და გურიის ეპისკოპოსს სოფრონს: “…ახალი ეკლესია დაწყეულ არის აწ გარდაცვალებულისა პარტი მთავარ უმფროსისა ფილიპესგეგან წელსა შინა ათას რვაას ოცდა ექვსსა. (აღწერილია ზომები). ზემოთხსენებული ეკლესიის შენობა დაყენდა მის მიზეზით, რომელ დაწყობა მისი იყო სურვილთა მრევლთასა, რომელნი მზა იყვნენ, შეწნებად თავისის ქონებისაგან, გარნა რადგან შემდგომ ჟამში მდგომარეობა მრავალთა მათგანთა შეუარდა სიღარიბესა, ამის გამო მიერ არა შემძლებელ იქმნა რათა ეკლესია იგი მოეყვანათ სისრულეში. ხოლო თვით ეკლესიას ღონისძიება არ აქვდა რათა სისრულე მიეცა” (მ. თამარაშვილი).
მშენებლობა განახლდა 1946 წელს ეკლესიის ახალი წინამძღვრის, დონ ანტონ გლახაშვილის თაოსნობით, რომელსაც ამ საქმეში ეხმარებოდნენ თავადი გაბრიელ ანდროიკოვი, ბაინდუროვი, ყაუხჩოვი და სხვ. ეკლესიის აშენების ადგილი კი გიორგი აკოფოვს შეუწირავს.
ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს ქუთაისის მუზეუმში დაცული პავლე გიორგის ძე თუმანიშვილის საოჯახო არქივი, რომელშიც სხვა საინტერესო მასალებთან ერთად ინახება ერთი ცალკე აკინძული საქმე ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მასში თავმოყრილია კონტრაქტები, მიმართვები, ფინანსური ანგარიშები და სხვ.
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის 1856 წლის 17 ივლისის მიმართვით ქუთაისის გუბერნიის სასამართლოს მრჩეველ ვერბიცკისადმი ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალის, თავად ვორონცოვის მითითებით კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის დამთავრებისათვის
ხელმძღვანელობა უნდა გაეწია საგანგებო კომიტეტს, რომლის თავმჯდომარედ დაუნიშნავთ გუბერნიის სასამართლოს მჩეველი ვერბიცკი, ხოლო წევრებად – არქიტექტორი ვასილები და პრაპორშიკი სტეფანე აკოფოვი.
მიმართვაში გუბერნატორი თხოვს კომისიის წევრებს, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ეკლესიის გადაკეთებას, რომლის გეგმაც ეკლესიის წინამძღვართან, დონ ანტონ გლახოვთან (გლახაშვილი) ინახებოდა. ეკლესიის გადაკეთების პროექტი გუბერნიის არქიტექტორ ვასილევს შეუდგენია. არქივში დაცულია კონტრაქტები, დადებული საგანგებო კომიტეტისა და მშენებელ ოსტატებს შორის. 1858 წ მარტში შედგენილი კონტრაქტით ირკვევა, რომ ეკლესიის მშენებელი ოსტატი იყო ბერძენი მიხეილ ელიოვი. იგი ზოგან იხსენიება ელიავად. როგორც ამ არქივის მუზეუმში წარმომდგენი, პავლე თუმანიშვილი აღნიშნავს, მისი ბაბუის გადმოცემით ოსტატის გვარი ელისაშვილია, რომელსაც რუსები ელიოვს უწოდებდნენ და სიტყვა “ბერძენი” არის მისი სარწმუნოების (მართლმადიდებელი ქრისტიანი) და არა წარმომავლობის განმსაზღვრელი. აქვე საინტერესოა 1860 წელს შედგენილი კონტრაქტი, საიდანაც ირკვევა, რომ გარდაცვლილი ოსტატის – ელიოვის მიერ დაწყებულ სამუშაოს და კონტრაქტით დადგენილ ვალდებულებანის შესრულება უკისრია მის მემკვიდრესა და მისი ობლების და ქონების მეურვეს, ქვის ოსტატტს, ქრისტეფორე ანტონოღლი ჩილიკოვს, ხოლო ეკლესიის მხატვრული გაფორმება იტალიელებს შეუსრულებიათ.
გარდა საგანგებო კომიტეტის მიერ გაღებული თანხებისა, ეკლესიის ასაშენებლად ფულს აგროვებდა ქუთაისი-რომის კათოლიკეთა ეკლესიის ძმობის საზოგადოება, რომელსაც სათავეში ედგნენ შამანოვი, სტეფანე აკოფოვი, მელქონ საღიროვი, იოსებ ჩარექოვი და გაბრიელ ანდრონიკოვი.
ამის გარდა ეკლესიას და კათოლიკეთა ძმობის საზოგადოებას ჰქონდა სავაჭრო დუქნები, რომლებსაც სხვადასხვა ვადით აქირვებდნენ ვაჭრებზე, შემოსავალი კი ეკლესიის საჭიროებას ხმარდებოდა.
ერთ-ერთი საბუთით ირკვევა, რომ ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის კურთხევა 1862 წლის 4 ნოემბერს მომხდარა.
კთოლიკურ ეკლესიასთან არსებობდა სკოლებიც. ეკლესიის წინამძღვარს, დონ ანტონ გლახაშვილს დაუარსებია სამრევლო სკოლა, სადაც სწავლობდნენ ღარიბი ოჯახის შვილები. სკოლას ინახავდნენ ეკლესიის მრევლისაგან შემოსული ფულით. (თითოეული მორწმუნე, რომელსაც ეკლესიაში საკუთარი დასაჯდომი სკამი ჰქონდა, წლიწადში იხდიდა 12 მანეთს).
კათოლიკეთა სასწავლებლის შესახებ ზ. ჭიჭინაძე მოგვითხრობს, რომ “ქუთაისის კათოლიკენი სასწავლებლის მოწყობის, ანუ შინაურულად ეკლესიის გვერდით გახსნა ეკუთვნის 1740 წლებს, შემდეგაც აქ ეს სასწავლებლები არ მოსპობილა, იმერთა მეფე და ბატონიშვილებიც საკმარის დახმარებას უჩენდნენ. იმერეთში კათოლიკეები ყოველთვის სამეფოს მფარველობის ქვეშ იყვნენ, ამათ სასწავლებლებსაც რაკი მეფე პატივისცემას ანიჭებდა ამიტომსხვანიც მეფის მაგალითს ჰბაძავდნენ.
1810 წელს, რომ რუსეთმა იმერეთი დაიჭირა, მაშინ მათ იქ კათოლიკეთ ეკლესიის გვერდით, სამრევლო სასწავლებელიც დახვდათ, 1820 წელს ეს სასწავლებელი მოისპო. მის შემდეგ ეს სკოლა კვალად აღორძინდა შემოწირულობით და დღევანდელი საეკლესიო სკოლა 1850 წელს იქნმა განახლებული, ხოლო ქუთაისის კათოლიკეთა სკოლის დაარსების პირველ დროთ კი 1735 წელი უნდა მივიღოთ.”
სარევლო სკოლის შესასვლელში თლილ ქვაზე ამოჭრილი ყოფილა ქართული წარწერა: “სამრევლო სასწავლებელი ასე აღშენებულ არს საშუალოთა მორწმუნეთა კათოლიკეთა მფარველობის ქვეშე წა მამა იოსების წ.ე. 1879 წ ნოემბრის 13-ს.”
სასწავლებელი ყოფილა როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა (ცალ-ცალკე). უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ კათოლიკეთ ერთ-ერთი წამყვანი აგილი ეჭირათ ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ შორის იყვნენ ცნობილი ვაჭრები, ექიმები, იურისტები, ხელოსნები და სხვ.
ცნობილია, რომ იმერეთის სამეფო ხელისუფლება ხელს უწყობდა იმერეთში ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას, ცნობილია, რომ სოლომონ II აქტიურად მფარველობდა და ახალისებდა დიდ სავაჭრო ოპერაციებში იმდროინდელ ქუთაისელ დიდვაჭრებს. მან XIX ს. დასაწყისში ქუთაისში ჩაასახლა ახალციხიდან გადმოსული დიდვაჭრები და საჭირო დახმარებაც აღმოუჩინა მათ. მათგან აღსანიშნავია ყაუხჩიშვილები, ანდრონიკაშვილები, ზუბალაშვილები, ბაინდურაშვილები და სხვები. ამ დროს განსაკუთრებით დაწინაურდნენ ოცხელები, რომელბისთვისაც მეფე ხშირად დიდ ფულად ხარჯებსაც იღებდა.
აღსანიშნავია, რომ სოლომონ II ქუთაისელ და სხვა ქალაქელ ვაჭრებს იყენებდა არამარტო ქვეყნის საშინაო ასპარეზზე, არამედ მათ ხშირად ანდობდა რთულ სავაჭრო და პოლიტიკურ ოეპრაციებს უცხოეთთან ურთიერთობაშიც. მის დროს ამგავრ მოვლენებში ცნიბილი იყვნენ ჩხარელი და ქუთაისელი ვაჭრები: აკოფაშვილები, ხეჩინაშვილები, მატიაშვილები, ფეიქრიშვილები, ქორქაშვილები, მურადაშვილები და სხვ.
კათოლიკე ვაჭრების შესახებ საინეტრესო ცნობებს გვაწვდის ზ. ჭიჭინაძე თავის ნაშრომში “ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა”, სადაც აღნიშნავს, რომ “ქართველებზეც ვაჭრობის მხრივ მეტად კარგი გავლენა ჰქონდა კათოლიკის სარწმუნოებას. ლათინის პატრები ვისაც კი დაუკავშირებდნენ კათოლიკის სარწმუნოებას, მერე მასზედ მეცადინეობდნენ ყოველნაირის მხრივ, რომ თავის მორწმუნე სხვა სახითაც დაეწინაურებინათ, იგი ქართელებზედ (იგულისხმება მართლმადიდებლები) და სომხებზედ წინ მდგარიყო, რომ მერე მის საშუალებით უფრო კაი მაგალითი დათესილიყო. XVIII ს-ის მეორე ნახევარს ქართველი კათოლიკენი მთლად ვაჭრებათ და ხელოსნებათ გახდნენ.”
ქუთაისელ ვაჭერებს ცალკე უბანი ჰქონიათ (კათოლიკეთა უბანი), სადაც ერთ რიგში დახსნილი ჰქონდათ სავაჭროები და მაღაზიები. ამ მაღაზიებში იყიდებოდა ოსმალეთიდან, სპარესეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ყველა საჭირო საქონელი: ღვინო, შაქარი, ჩაი, ბამბა, თაფლი, თუთუნი, ევროპული ჭურჭელი, მიწები, სარკეები, საპონი, სხვადასხვა სახის ადგილობრივი თუ ევროპული ტანსაცმელი და სხვა მრავალი.
ქუთაისში ცნობილი ვაჭრები იყვენენ იოსებ გოკიელოვი და მისი ძმები, ისინი 1830 წელს გადმოსახლდნენ ახალციხიდან ქუთაისში და დაიწყეს ვაჭრობა მათ ჰქონდათ კარგი ფირმა და სავაჭრო მაღაზია, სადაც ყიდდნენ თითქმის ყოველნაირ საქონელს. ისინი სავაჭროდ სტამბოლში, ტრაპიზონსა და სამშუნშიც დადიოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელ ქართველ კათოლიკე ვაჭრებს XVIIსაუკუნიდან კონსტანტინეპოლში ჰქონდათ თავიანთი საკუთარი სავაჭრო ვეზირხანა, რომელსაც “გურჯის” ქარვასლას უწოდებდნენ. ასევე ქუთაისელ ვაჭრებს თავიანთი სადგომი ჰქოდნდათ ოსმალეთის სხვა ქალაქებშიც. ირანში, თვარიზს და თეირანს, ინდოეთში მადრასში და კალკუტას, ასევე ავღანეთში და სხვა. მათ უცხოეთში ძირითადად გაჰქონდათ სმინდა სანთელი, აბრეშუმი, კაკალი და სხვა.
ქუთაისში ასევე ცნობილი ვაჭრები იყვნენ პეტრე ოცხელი და მისი შვილები – იაკობი და სერგეი, ასევე მათი შვილები – პეტრე, პავლე და ივანე, რომლებიც ქუთაისში XVIII საუკუნიდან ჩამოსახლებულან. მათ ოსმალეთიდან იმერეთში შემოჰქონდათ ყოველნაირი საქონელი: ჩუსტები, სარკე, ჭურჭელი, ტყავები, ჩაი, შაქარი, ფერადი ფართალი, ძაფები და სხვ. მათვე ერთ-ერთ პირველებს გაუხსნიათ სამღებროები.
ქუთაისელ კათოლიკე ვაჭრებს შორის ასევე ცნობილი პირები იყვნენ პაატა და აკოფა იაშვილები, მურადაშვილები, ბაინდურაშვილები, ჩარექიშვილები, ყაუხჩოვები, კოკოჩაშვილები, ფეიქრიშვილები და მრავალი სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელი ქართველი კატოლიკე ვაჭრები
კარგად იყვნენ ცნობილი ევროპულ ბაზრებზეც. 1824-28 წლებში ლაიფციგში არ ჩატარებულა
არც ერთი სააღდგომო ბაზრობა, სადაც მათ მონაწილეობა არ მიეღოთ. ამ პერიოდში ქუთაისელი
ვაჭრებიდან, რომელბიც ხშირი სტუმრები იყვნენ ევროპის ბაზრებისა, ცნობილი იყვნენ: იაკობ
ანდრონიკაშვილი, პავლე თუმანიშვილი და გრიგოლ მეფისაშვილი.
გარდა ვაჭრობისა, ქუთაისელი კათოლიკები ცნობილი იყვნენ, როგორც მრეწველები, ქუთაისელ მექარხნეთა შორის იყვნენ სანთლის, საპნის, ტყავების, თამბაქოს და სხვათა მეწარმეები. სტეფანე ჩილშვილს (თავდგირიძე) ქუთაისში ჰქონია გიშრის სახელოსნო. მისმა შვილმა ანტონმა კი განავითარა ბამბის, მატყლის და ეკლარის ქვის წარმოება. სწორედ მან გაიღო უფასოდ ეკლარის ქვა კათოლიკური ეკლესიის მოსაპირკეთებლად.
ცნობილი მეწარმე იყო პეტრე ივანეს ძე კოკოჩაშვილი. მან ქუთაისში გახსნა “სამაგალითო სუნოვან სასმელი წყლის ქარხანა.”
XIXს-ის 10-იან წლებში დიდვაჭარ იაკობ ზუბალაშვილს ქუთაისსა და შორაპანში გაუხსნია “არყის სახდელი ქარხანა”. ამ ქარხნის წლიური პროდუქცია საშუალოდ 7200 ვედრო არაყს შეადგენდა.
ქუთაისში არსებობდა თამბქოს მცირე ფაბრიკები. ერთ-ერთი მათგანი დაუარსებია იოსებ გოკიელოვს (ეჯიბია), ე.წ, “თუთუნის სავაჭრო ქარხანა,” ასევე “თაბაქოს  ფაბრიკა” ჰქონდათ ფირალოვს, თბილისის ქუჩაზე თავის სახლში, და მეფოსოვსა (მეფისაშვილი) და პალაშობს კათოლიკეთა ქუჩაზე, თავის სახლში.
ქუთაისელ მეწარმეს სტეფანე პავლეს ძე თუმანიშვილს 1859 წელს საფრანგეთის ქვეშევრდომ დომენიკ პაპეს ძე მარკოპოლისთან ერთად დაუარსებია აბრეშუმის “ზაოდი” (ადგილი ცნობილი არ არის), რომელშიც თორმეტი ჩარხი უნდა მდგარიყო.
ქუთაისში ცნობილი მეკონდიტრეები იყვნენ წარმოშობით ახალციხელები, ძმები პეტრე და იოსებ ჩილინგაროვები. (ქუთაისში მცხოვრები 75 წელის შალვა იოსების ძე ჩილინგარიშვილის გაცმოცემით მათი გვარი ახალციხეში ვარდიძე იყო). მათ ქუთაისში შეუძენიათ კარავან-სარაის (დღევანდელი რუსთაველის ქ., სასტუმრო “ქუთაისის” ადგილას) ქუჩაზე მდებარე საფრანგეთში გათხოვილი დავით დადიანის ასულის, სალომე მიურატის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც შედგებოდა მიწის ნაკვეთისა და ორსართულიანი ქვის შემობისგან, რაშიც მათ ასი ათასი მანეთო ოქროთი გადაიხადეს.
ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოთავსებული ყოფილა ათი მაღაზია და საკონდიტრო საამქრო. როგორც ჩანს, ძმები ჩილინგაროვები საკმაოდ შეძლებული მეწარმეები იყვნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელი კათოლიკები, გარდა ვაჭრობისა და მეწარმეობისა, გამოირჩოდნენ სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. მრავალი მათგანი განსწავლული და განათლებული პიროვნება იყო. მათ შორის აღსანიშნავია ივანე პეტრეს ძე კოკოჩაშვილი, რომელიც ქუთაისში ახალციხიდან ჩამოსახლდა. ის დახელოვნებული იყო სამედიცინო დარგში. იგი, გარდა იმისა, რომ მკურნალობდა, თვითონ ამზადებდა წამლებს, რომლებსაც უფასოდ ურიგებდა საავადმყოფოებს. მან XIX ს-ის პირველ ნახევარში თავისსავე სახლშ გახსნა “სამკურნალო აფთიაქი”. მისივე დამსახურებაა “ბოტანიკური ლექსიკონის” შედგენა, ლათინურ, არაბულ, სმალურ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ივანე კოკოჩაშვილის დაწყებული საქმე უფრო განავითარა მისმა შვილმა, პეტრე ივანეს ძე კოკოჩაშვილმა, რომელიც 1832 წელს დაიბადა ქუთაისში. მან სწავლა ქუთაისელ კთოლიკე პატრებთან მიიღო და შემდეგ დიდად განვითარდა საექიმო, სააფთიაქო და სავაჭრო ასპარაეზზე. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა ქუთაისში პირველი აფთიაქის გახსნა 180 წელს, რომელიც იმ დროს ერთადერთი იყო მთელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა. პეტრე კოკოჩაშვილი წამლებს და სხვადასხვა მედიკამენტურ მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, კონსტანტინეპოლიდან, ბერლინიდან და ვენიდან. მისი შვილები – ლევანი, ივანე და ზაქარია პროვიზორები იყვნენ, რომლებმაც დაახლოებით 1890 წელს ქუთაისში გახსენს საუკეტესო სააფთიაქო ნივთების მაღაზია. აფთიაქის ქუჩაზე კოკოჩაშვილებს, გარდა აფთიაქისა, თავის სახლში გახსნილი ჰქონდათ აბანოც.
XIX ს-ის ქუთაისში ცნობილი მკურნალი იყო განო იოსების ძე გოკიელოვი (ეჯიბია), რომელიც წარმოშობით მესხეთ-ჯავახეთიდან იყო. მას შესწავლილი ჰქონდა ყველა თანამედროვე მეცნიერება, განსაკუთრებით კი მედიცინა. მან რუსულ ენაზე დაწერა იმ დროისატვის მნიშვნელოვანი ნაშრომი “აღწერა ყმაწვილების სხვა და სხვა სენთა ვითარებისა”.
XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში ქუთაისში ასევე ცნობილი ექიმები და ფარმაცევტები იყვნენ სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი, მიხეილ და სტეფანე დანიელის ძე ბეთანოვები, ნინო გრიგოლის ასული არაზაშვილი, ვალერიან პეტრეს ძე ხარაზიშვილი, სიმონ გრიგოლის ძე ბათმანიშვილი, სიდონია იოსების ასული არაზაშვილი და სხვები.
ქუთაისელ ქართველ კათოლიკეთა შორის XIX ს-ში ბევრი საზოგადო მოღვაწე იყო. მათ შორის აღსანიშნავია სტეფანე თუმანიშვილი, ცნობილი ვაჭარი და ქართველი მწიგნობარი; ივანე ყაუხჩოვი, იგი რეალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი მსახურობდა ქუთაისის საურთიერთო ნდობის ბანაკში; მეტად განათლებული კაცი იყო კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი. მას განათლება მიღებული ჰქონდა ქუთაისის გიმნაზიაში, რუსეთის უნიევრსიტეტსა და გერმანიაში. კარგადიცოდა ევროპული ენები, იყო მწერალი-მოღვაწე და განახლებული “ივერიის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი; სიმონ ანტონის ძე ოცხელმა, ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელმა საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის კერძო სავაჟო გიმნაზიას; ვასილ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი მსახურობდა ქუთისის სათავადაზნაურო ბანკში.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისში ცნობილი პიროვნება იყო იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მან პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკურ სამრევლო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და იმავე წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე და 1889 წელს დაასრულა იგი პირველი ხარისხის დიპლომით. 1892 წელს მან ქუთაისში დააარსა საბავშვო ბაღი, რომელიც 1903 წლამდე არსებობდა. 1901 წლიდან იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე, რომელიც 1904 წელს მისი ინიციატივით უფლებიან გიმნაზიად გადაკეთდა და სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა მას. იოსებ ოცხელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. სხვასთან ერთად მისი ერთ-ერთი დიდი დამსახურებაა ქუთაისში წიგნის გამომცემლობის “განათლება” და “შკოლა” დაარსება. ოცხელი 1919 წელს ქუთაისში გარდაიცვალა.
საინტერესოა ქუთაისის რომის კათოლიკეთა ეკლესიის წევრთა საზოგადოების, ანუ მრევლის სია, რომელიც, მართალია, 1926 წელს არის შედგენილი, მაგრამ ნათელ სურათს გვაძლევს ქუთაისელ ქართველ კათოლიკეთა სოციალური მდგომარეობის შესახებ. მასში აღრიცხულია ქუთისში მვხოვრები 346 ქართველი კათოლიკე წლოვანების, მისამართისა და სოციალური მდგომარეობის ჩვენებით. 346 ადამიანიდან 18 მასწავლებელია, 19 ექიმი და ფარმაცევტი. 6 ბუხჰალტერი, 6 კომერსანტი, 2 ოურისტი, 1 ნოტარიუსი, 1 მხატვარი, 27 მოსწავლე და სტუდენტი. დანარჩენი ზოგი ვაჭარია, ზოგი სხვადასხვა სახის მოხელე-ხელოსანი, დიასახლისი და სხვ.
როგორც დავინახეთ, ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკები, დღიდან ჩამოსახლებისა, აქტიურად ჩაებნენ ქალაქისა და საერთოდ, იმერეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი აქტიურად მონაწილეობდნემ ეკონომიკურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე. მათ აქ შემოიტანეს გარკვეული ცოდნა თუ თავიანთი გამოცდილება. ეკონომიკური კაპიტალი,
რაც ძალიან უწყობდა ხელს სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებასა და ქუთაისის ეკონომიკურ აღორინებას. კათოლიკე მისიონერებისა და ქართველი კტოლიკების ერთ-ერთ დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს იმერეთში სამკურნალო საქმის დანერგვა და მისი შემდგომი განვითარება, სააფთიაქო საქმის აღორძინება, მცირე საწარმო-ფაბრიკების დანერგვა და უცხოეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთეირთობების განვითარება. ისინი ასევე კარგად ჩანდნენ ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დღესაც ცხოვრობენ ქუთაისში კათოლიკური სარწმუნოების ქართველები, რომლებიც, მსგავსად თავიანტი წინაპრებისა, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქალაქ ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
ქუთაისის მუზეუმის მასალები, კრებული XI, ქუთაისი, 1999, 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ქუთისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

Posted

in

, ,

by

Tags:

Comments

Leave a Reply