კატმანდუს ველის ძირძველი მოსახლეობა – ნევარები უმეტესად ინდუისტები არიან. თუმცა მათ აქვთ რიტუალები, რაც სხვა ინდუისტებს არ აქვთ.ერთ-ერთი ასეთი ადათწესია გოგოების ვიშნუსთან “ქორწილი”. როგორც ცნობილია, ინდუისტურ საზოგადოებაში ქვრივებს ძალიან დაბალი სოციალური სტატუსი აქვთ, ინდოეთის ბევრ რეგიონში ადრე იყო სატის პრაქტიკა – როდესაც ცოლი ქმრის საკრემაციო კოცონზე ადიოდა და მასთან ერთად უნდა დამწვარიყო. თუმცა ნეპალში სატი მიღებული არ იყო, ქვრივი ქალი მაინც ღმერთებისგან დაწყევლილად ითვლებოდა. გონებამახვილმა ნევარებმა მოიფიქრეს როგორ აერიდებინათ თავისი გოგოებისთვის ასეთი ბედი.
რადგან ნებისმიერი კაცი მოკვდავია, და არცერთი ქალი არაა დაზღვეული ქვრივობისგან, ნევარებმა მოიფიქრეს მოზარდი გოგოების ღმერთ ვიშნუსთან დაქორწინება – ანუ ისინი ვიშნუს – უკვდავი ღმერთის ცოლები არიან და ვერ დაქვრივდებიან ამიტომ. რა თქმა უნდა ასეთი ქორწინების შემდეგ გოგოები ჩოულებრივ, მიწიერ კაცებს მიყვებოდნენ ცოლად, მაგრამ რელიგიის თვალსაზრისით ვიშნუს ცოლები ვერ დაქვრივდებოდნენ, რადგან უკვდავი ქმარი ჰყავდათ.
როგორც ჩანს ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია. კატმანდუში სეირნობისას გავედი დურბარის მოედანზე, შივას და პარვატის ტაძრის წინ კი ეს ცერემონია დამხვდა, მონაწილეობას მხოლოდ ქალები იღებდნენ, კაცები განზე იდგნენ. სხვადასხვა ასაკის მოზარდი გოგოები საქორწილოდ გამოწყობილები იყვნენ დედებთან და შესაძლოა უფროს დებთან ერთად.
წინ ყველას ხონჩები ედო ღმერთებისთვის შესაწირავით. ბრამინი მიკროფონით რაღაცეებს ამბობდა, ალბათ ლოცვებს. გოგოების ასაკი 4-დან 12 წლამდე იყო. ეტყობა ცერემონია ძვირადღირებულია და კატმანდუს ნევარების რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა ყველას, ვისაც შესაბამისი ასაკის ქალიშვილი ჰყავს, ერთად გაეკეთებინათ “ქორწინების” ცერემონია.
ეს გოგო ვიშნუს ყველაზე პატარა პატარძალი იყო.
პატარძლებით და ძღვენებით ვიშნუ არ უნდა იყოს უკმაყოფილო…
ეს პატარა პატარძალი არც ისე კარგ ხასიათზეა
კიდევ ერთი მოწყენილი პატარძალი.
ეს პატარძალი კი აშკარად ცელქობის ხასიათზეა.
ამ გოგომ შეიფერა ვიშნუს ცოლობა, ძალიან სერიოზული სახით იყო.
ბრაჰმანმა რაღაც თქვა, დაიწყო მუსიკა და პატარძლებმა და სტუმრებმა დალიეს რძე და მიაყოლეს პეჩენიები. საქორწილო სუფრა არ გამოირჩა მრავალფეროვნებით.
ეს გოგო ყველაზე პატარაა, 4 წელზე მეტის არ იქნება ალბათ.
პატარა პატარძალი დედამ ხელში აიყვანა.
ასე ათხოვებენ გოგოებს ღმერთზე, რომ ისინი არსოდეს არ გახდნენ ქვრივები…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.