სარნათი ვარანასის გარეუბანია. ოდესღაც აქ ირმები ძოვდნენ ბალახს და სიმპატიური ტყე-პარკი იყო… ეს 2500 წლის წინ, როდესაც განათლებული და გამოღვიძებული ყოფილი პრინცი სიდჰართა მოვიდა აქ და შეხვდა ხუთ ასკეტს, ვისთანაც ერთად იგი 6 წელი ამაოდ ეძებდა განათლებას და ასკეტიზმის უკიდურეს ზომებს მიმართავდა.
ასკეტებმა ყოფილი თანამოაზრე რომ ნახეს, ჯერ არ უნდოდათ მასთან საუბარი… სიდჰართამ ხომ უარი თქვა უკიდურეს ასკეტიზმზე და ცალკე განაგრძო ძიება. მაგრამ, როდესაც შაკიამუნი მათ მოუახლოვდა, ჩამოუჯდნენ, მიართვეს წყალი.
სწორედ აქ წარმოთქვა ბუდამ პირველი ქადაგება, ამცნო ხუთ ასკეტს, რომ მან გამოიღვიძა, განათლდა და აწი აღარაფერია მისთვის დაფარული.
– არსებობს ორი უკიდურესობა – თქვა ბუდამ – ერთია ცხოვრება ფუფუნებაში, რაც მდაბალია, უაზრო და ფუჭი, მეორეა მკაცრი ასკეტიზმი – მტანჯველი, უაზრო და ფუჭი. ბრძენმა საშუალო გზა უნდა აირჩიოს (დჰარმის ბორბლის პირველი დატრიალების სუტრის არაზუსტი გადმოცემა)
არსებობს ტანჯვა – დაბადებაა ტანჯვა, სიბერე ტანჯვაა, სიკვდილი ტანჯვაა, სანატრელის არ ქონა ტანჯვაა და არასასიამოვნოსთან კავშირიც ტანჯვაა, ტანჯვაა ყოველი ცვლილება.
არსებობს ტანჯვის საფუძველი – ეს ის ლტოლვაა, რაც საფუძვლად უდევს კვლავ დაბადებას, ლტოლვა სიამოვნების მიღებისა, რომელიც ხან ერთ უკიდურესობისკენ უბიძგებს ადამიანს ხან მეორისკენ, ლტოლვა ყოფნისა ან ლტოლვა არ ყოფნისა.
ტანჯვის შეწყვეტა შესაძლებელია – ტანჯვის საფუძველი ლტოლვა და ვნებებია. ამიტომ ვნებების მართვით და ლტოლვის შეწყვეტით დამარცხდება ტანჯვაც, მიიღწევა განკურნება და გათავისუფლება.
ჭეშმარიტი გზა ტანჯვის შესაწყვეტად არის კეთილშობილი რვასაფეხურიანი გზა: სწორი შეხედულება, სწორი მიმართება, სწორი მეტყველება, სწორი ქცევა, სწორი ცხოვრების წესი, სწორი სიბეჯითე, სწორი განსჯა, სწორი კონცენტრაცია.
არავითარ სემთხვევაში არ მაქვს ილუზია რომ ოდნავ მაინც სწორად გადმოვედი ამ სუტრის სინაარსი, სამწუხაროდ ქართულად იგი ნათარგმნი არაა და მე არ შემწევს ძალა ეს გავაკეთო. უბრალოდ მინდოდა ძალიან ლაკონურად გადმომეცა ამ წმინდა ადგილზე რა თქვა სიდჰართამ, რა დევს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის საფუძველში – ეს არის ოთხი ჭეშმარიტება.
ხუთივე ასკეტმა კი ჩემგან განსხვავებით სრულიად გაიგო სუტრის მნიშვნელობის აზრი და მათაც მიაღწიეს განათლებას.
ეს ყველაფერი 2500 წლის წინ მოხდა, ასე დაიბადა ბუდიზმი.
ბუდისტ იმპერატორ აშოკას დროს ეს ადგილი გახდა რელიგიური ცენტრი. აშოკამ აქ სტუპა ააშენა, ბევრი მონასტერი და უნივერსიტეტი იყო აქ. შემდეგ მუსულმანთა ბატონობა, სრული სიბნელე და წყვდიადი დადგა ინდოეთში. ბუდიზმი გაქრა ჩრდილოეთ ინდოეთიდან. დღეს აქ არქეოლოგიური გათხრებია, ეს ტერიტორია დახურულია, შესვლა 100 რუპი ღირს. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა არქეოლოგიური ძეგლებით და იგრძნობა ის განსაკუთრებული ძალა.. ბუდას პირველი სიტყვების ძალა, 2500 წლის შემდეგ… აქ უმეტესად მომლოცველები დადიან, სიჩუმე სუფევს, სულ სხვა ატმოსფეროა. შეგიძლია სამედიტაციოთ დაჯდე ბალახზე და გაიხსენო ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება…
არავინ გისლის ხელს… არავითარი გამყიდვლები და მათხორები. წყნარად ფიქრის ადგილია.
სად თუ არა აქ, ამ წმინდა ადგილას უნდა იფიქრო, გაიხსენო ეს ქადაგება და ეცადო ჩაწვდე მის აზრს…
აშოკას სტუპას გარშემო სიარულისას…
უყურო ძველი მონასტრების და ტაძრების ნანგრევებს, ეცადო წარმოიდგინო აქაურო ცხოვრება, როდესაც ბუდიზმი ინდოეთში ყვაოდა.
ბერები როგორ განიხილავდნენ სუტრებს, წერდნენ და იწერდნენ ბუდას და სხვა განათლებული ბრძენების სიტყვებს.
ამ ენერგიითა აქ ყოველი ქვა გაჟღენთილი.
საათობით შეიძლება ამ ქვებს შორის მედიტირება.
ბუდამ ამის შემდეგ კიდევ 45 წელი იცხოვრა. იგი დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და ქადაგებდა. წლების შემდეგ მას უკვე ათასობით მიმდევარი ჰყავდა..
არქეოლოგიური ტერიტორიის გარეთ თანამედროვე მონასტრებია. რა თქმა უნდა ტაილანდის სამეფო აქაც არ ჩამორჩა და დიდი ბუდას ქანდაკება დადგეს.
კვარცლბეგზე კი უწმინდესი ადგილებია გამოსახული:
ლუმბინი (ფოტო ცუდი გამოვიდა)
ბოდჰ გაია – ამაზე გელით მალე პოსტი.
თავად სარნათი, და ბოლოს კუშინაგარი, სადაც ბუდა გარდაიცვალა. კუშინაგარში არ წავსულვარ.
დჰარმის ბორბალი და ბუდა.
სადღაც აქვეა არქეოლოგიური მუზეუმი სადაც არ წავედი. მე აქ როგორც მომლოცველი მოვედი და არა როგორც ტურისტი.
ამ ლოტუსის ყვავილით დავამთავრებ თხრობას.
ვარანასიში ეს უძლიერესი და უწმინდესი ადგილია. მიუხედავად იმისა რამდენად გათვითცნობიერებული ხართ ბუდიზმსი, მოდით აქ.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.