ფარშევანგიანი ფანჯარა

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 1

ოდესღაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო – კატმანდუ, ლალიტპური და ბაქტაპური. აქ ნევარები ცხოვრობდნენ. სამივე სამეფოს მალას დინასტიის მეფეები მართავდნენ და მათ შორის გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბრძოლის ველზე კი არა, არამედ ხელოვნებაში – ვინ უფრო ლამაზ ტაძრებს და სასახლეებს ააშენებს, ვისი ტაძრები უფრო ნატიფი ხის დეტალებით იქნება გაწყობილი. ეს მეტოქეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა, როდესაც აღმოსავლეთიდან, გურკჰას რეგიონიდან შაჰები შემოიჭრნენ თავისი ჯარებით და კატმანდუს ველი მთლიანად დაიპყრეს. შეიქმნა ერთიანი ნეპალის სამეფო, დედაქალაქად მეფემ კატმანდუ აირჩია.

ბაქტაპური

ბაქტაპური კატმანდუდან სულ რაღაც 11 კილომეტრშია. აქ პირველად შარშან მოვხვდი სულ რამდენიმე საათით და ქალაქმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვინანე რომ მეტი დრო არ მქონდა.. შემდეგ მიწისძვრა მოხდა და როგორც გავიგე ქალაქი საგრძნობლად დაზარალდა… წელს კონკრეტული გეგმები არ მქონდა ჯერ… უბრალოდ ჩანგუნარაიანიდან კატმანდუში მოსახვედრად უნდა გამევლო ბაქტაპურიც.

გზად პატარა თავგადასავალი შემემთხვა. ჩანგუნარაიანში ავტობუსი არ დამხვდა და კაციშვილმა არ იცოდა როდის მოვიდოდა – ბლოკადაა. ბაქტაპურამდე სულ რაღაც 6 კილომეტრია, გავუდექი გზას ფეხით. გზად ნეპალელი ქალი შემომიერთდა, რომელმაც ინგლისური საერთოდ არ იცოდა და ჟესტების ენით ვაქებდით ნეპალის სილამაზეს. ცოტა ხანში მანქანა დაგვეწია და ჩაჯდომა შეგვთავაზა. მე დავიზაფრე… ვიფიქრე რომ მგზავრობის ბოლოს ფულს მომთხოვდა და ტაქსებს ისეთი ფასები ჰქონდა მილიონერი თუ იმგზავრებდა. ჯერ უარს ვამბობდი მერე ვთქვი რომ ფული არ მაქვს, მძღოლმა შეიცხადა – შენი ფული ვის რათ უნდაო. ამასობაში კიდევ რამდენიმე მგზავრი გამოჩნდა. ბოლოს მანქანაში მინიმუმ 6 კაცი ჩავსხედით, კალთაში სკოლის მოსწავლე გოგო მეჯდა. ქალი და მძღოლი აშკარად მე განმიხილავდნენ, გოგომ მითარგმნა, რომ ვეცოდებოდი რადგან ფული არ მაქვს და დახმარებას მთავაზობენ. სირცხვილით გავწითლდი. ავუხსენი, რომ ფული კი მაქვს მაგრამ გამოზოგილად, დახმარება არ მჭირდება და კეთილ ხალხს მადლობა ვუთხარი. ასე ჩამოვედით ბაქტაპურში.

სახლი და მანტიორის საშინელი სიზმარი
სახლი და მანტიორის საშინელი სიზმარი

რა თქმა უნდა ბაქტაპურში მოხვედრილს არ შემეძლო ცენტრის არ ნახვა – რა და როგორაა მიწისძვრის მერე? წავედი ნელ-ნელა დურბარის მოედნისკენ.

ქალაქი შელახულია მაგრამ არა განადგურებული, ის მაინც ძალიან ლამაზია განუმეორებელი შარმით.

დანგრეული შივას ტაძარი
დანგრეული შივას ტაძარი

პირველივე ტაძარი მოედანზე დანგრეული დამხვდა. თუმცა საბედნიეროდ აქაურ დურბარის მოედანზე სულ ორი ტაძარი დაინგრა, დანარჩენი ყველაფერი ადგილზე დამხვდა. თუმცა ბევრი საცხოვრებელი სახლია დანგრეული, ხალხი ქალაქშივე კარვებში ცხოვრობს…
აქ შემხვდა კატმანდუში გაცნობილი ფრანგი მოგზაური. სწორედ მასთან შეხვედრისას გადავწყვიტე ღამის აქ გატარება.

 

ეს ფრანგი კაცი ნეპალში პირველად 1987 წელს ჩამოვიდა, მას შემდეგ უკვე მეცამეტედ იყო ჩამოსული. წავყევი გესთჰაუსში, სადაც ოთახი 400 პურიად ვიქირავე. ცნობისთვის ეს განეშ გესთჰაუსია, პირდაპირ ცენტრში.

 

პაგოდა
ყველაზე მაღალი პაგოდა გადარჩა

 

 

სეირნობაც ერთად განვაგრძეთ…

 

დივალი ახლოვდებოდა და ყველგან ბაზრობები იყო გამართული.


Posted

in

,

by

Tags:

Comments

Leave a Reply