ბაქტაპური

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 2

ჩემი ფრანგი ნაცნობი კარგი გიდი აღმოჩნდა, ბევრი ისეთი რამ ვნახე რაც შარშან არ მქონდა ნანახი, და თან არსად არ მეჩქარებოდა, წყნარად ვსეირნობდით.

დივალის პირველი დღე იყო, როდესაც თაყვანს ყვავებს სცემენ. სახურავებზე ხალხი ხორბალს და ბრინჯს ყრიდა და ყვავებმა თითქოს იცოდნენ, რომ დღეს მათი დღეა და ჯოგებად დაფრინავდნენ.

 

ჩემდა სასიხარულოდ ცნობილი 5 სართულიანი პაგოდა გადაურჩა უვნებელი დამანგრეველ მიწისძვრას. მის წინ მოედანზე დღესასწაულის წინ ბაზარი იყო გამართული. ჩავედით კერამიკის მოედანზე, სადაც შარშან დაშანის დროს მოვხვდი და კაციშვილი არ იყო. წელს ხალხი მუშაობდა და ყიდდა თავის ნაწარმს.

მერე რა რომ ქალაქია? გარშემო ბრინჯის მინდვრებია, მოსავალს კი ცენტრალურ მოედნებზე აშრობენ.

დურბარის მოედანი
დურბარის მოედანი

დურბარის მოედანზეც ამოვედით. მიწისძვრამ ამ ერთი ტაძარი დაანგრია. ვიდეოზე მაქვს ნანახი ეგ მომენტი, ერთ წამში შესანიშნავი შენობა როგორ იქცა მტვრად…

 

დანგრეული ტაძარი
დანგრეული ტაძარი

ყველგან მომხვდა თვალში, რომ დანგრეული ქვები დალაგებულია ტაძრებთან. როგორც ვიცი ნეპალელი სტუდენტები და მეცნიერები მიწისძვრის შემდეგ თავისი ძალებით ალაბებდნენ აქაურობას, რესტავრაციის დროს რომ არ იყოს ორიგინალური ქვების და აგურების მოძიების პრობლემა.

 

ასეთი წყაროებიდან დღესაც აგროვებენ ნეპალელები წყალს, აქვე ბანაობენ, რეცხავენ სარეცხს…

DSCN4783

ნეპალელების ოპტიმიზმი. უკან კარვებში მიწისძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი ცხოვრობს.

შივას ტაძარი დაინგრა, მაგრამ ლინგამი და ხარი დარჩა…

მოსაღამოვდა, მოედანზე კი ვაჭრობა გრძელდება.

ცხოვრება გრძელდება. მალე დივალია.

 

დილიდან ვაჭრობა ახლდება.

ქუჩებში ბევრია ასეთი სალოცავები, გამვლელები ღმერთებს არ ივიწყებენ.

ჩემი კატმანდუში დაბრუნების დროც დადგა. ფრანგმა გამაცილა მთავარ გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე. ავტობუსის სახურავზე ავძვერი, რადგან ყველაფერი გადავსებული იყო, და ნახევარ საათში უკვე კატმანდუში ჩავედი.


Posted

in

,

by

Tags:

Comments

Leave a Reply