მონასტრიდან პირდაპირ ტამელში წამოვედი, მშობლიურ სასტუმრო ნანაში შევსახლდი და ცხელი შხაპი მივიღე. კოპანის სიჩუმის შემდეგ ტამელის მჩქეფარე ცხოვრებამ თან გამიტაცა, თან კი არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი. მეორე დილით მნიშვნელოვანი საქმე მქინდა გასაკეთებელი – ინდოეთის ვიზისთვის უნდა შემეტანა საბუთები, ამიტომ შორს ვერ წავიდოდი.
დილით ადრე ავდექი, მივაკითხე სავიზო ცენტრს, და სადღაც 10:30-სთვის უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათი იყო, პარასკევამდე საქმე კატმანდუში აღარ მქონდა და არც დარჩენა მინდოდა აქ… ვიზის პროცედურაზე შემდეგ პოსტში დავწერ დაწვრილებით.
ვიჯექო ჩემი სასტუმროს პირდაპირ კაფე ლა ბელაში, შევუკვეთე უხვი საუზმე, ჭიქა ამერიკანო, ვჭამდი და ვფიქრობდი წასვლაზე. დეკემბერში კატმანდუში დილა და საღამო ცივი და სუსხიანი იყო, დღე ცხელოდა.. ნისლი არ აპირებდა გაფანტვას, ნაცრისფერი ცა კიდევ უფრო მთრგუნავდა. ჯერ პოჰარაზე ვიფიქრე, მაგრამ 3 დღით წასვლას აზრი არ ჰქონდა, პარასკევს უნდა დავბრუნებულიყავი. მერე კი ნაგარკოტზე ვიფიქრე, კი ცივა, მაგრამ ჩემთვის აქაური სიცივე რა არის? არაფერი. ჰაერი კი სუფთა იქნება და ცისფერი ცა, სიჩუმე… მივწერე ფეისბუქში ჩემს შარშანდელ მასპინძელს და იმან ამიხსნა სად მეპოვა ავტობუსი. ავიღე ჩანთა, სასტუმროში გავაფრთხილე, რომ კვირის ბოლომდე არ ჩამოვალ და წავედი ბაქტაპურში.
ავტობუსი მალევე ვიპოვე, ბოლომდე სავსე აღოღდა სერპანტინებზე. სულ 20 კილომეტრი იყო, რომელსაც საათზე მეტი მოვუნდით. საღამოთი უკვე მივადექი სასტუმრო Mount paradise -ს და ბატონ მოჰანს, თბილად ჩავიცვი და ვახშამიც შევუკვეთე. ჩემს გარდა არავინ იყო. ცოტა გვიან ძალიან მაღალი ინგლისელი ბიჭი მოვიდა და შემომიერთდა ვახშამზე. მეორე დღეს კარგი ამხანაგებივით ერთად წავედით სასეირნოდ. ისიც მერე ინდოეთში მიდიოდა, თუმცა სხვა მარშრუტი ჰქონდა.
ერთად დრო სასიამოვნოდ გავატარეთ. რა მიყვარს მოგზაურობაში – რომ უამრავ საინტერესო ადამიანს გადაეყრები ხოლმე…
ხედები
სეირნობისას ნეპალელი სტუდენტები შეგვხვდნენ, ბაქტაპურიდან ამოვიდნენ რამდენიმე საათით სასეირნოდ.
კიდევ სადილის დროს ბანგლადეშელი მოგზაური გავიცანით. უკვე ასაკში შესული კაცი იყო. ფეხით აპირებდა კატმანდუში ჩასვლას და როგორც თვითონ თქვა უსაფრთხოებისთვის. მე და ჯეკს გაგვიკვირდა, ვერ მივხვდით კატმანდუს ველში რა სახის საშიშროებას შეიძლება გადაეყარო. ბანგლადეშელმა კი თქვა “მიწისძვრის შემდეგ ხალხი უფრო გაღარიბდა და საშიშიაო.” ესე იგი ბანგლადეშში ღარიბი ხალხი ძალიან საშიშია ჩავთვალეთ ჩვენ.
კიდევ ჩინელები შეგვხვდნენ, რომლებმაც გვკითხეს საით არის ევერესტი. ამაზე ბევრი ვიცინეთ 🙂
ბოლო დილას გადავწყვიტეთ დაგვეძლია სიზარმაცე და მზის ამოსვლა გვენახა, თან პროგნოზი კარგი იყო.
მზის ამოსვლამდე.
საუზმის შემდეგ ერთად წავედით ბაქტაპურში. მე აქ ვაპირებდი კვირის ბოლომდე დარჩენას ჯეკი კი პატანში მიდიოდა. ბაქტაპურის ავტოსადგურზე ჩვენი გზები გაიყარა…
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.