მუკტინაჰისკენ ბოლო აღმართები. ნეპალი

ხეობას შევუყევით, საბოლოო მიზანი კი არ ჩანდა. ალბათ სადღაც იქ, ამ აღმართს ზემოთ არის მუკტინაჰი, ბუდისტებისთვის და ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი… ჯერ კი ჩვენს სოფელს გადმოვხედეთ…

გაღმა ჯჰონგი ჩანდა ბაღებში ჩაფლული კიდევ ერთი შატილი ჰიმალაებში.

აღმართებს ავუყევით, ჩანთის გარეშე სიარული ისე არ ჭირდა, თუმცა 3500 მეტრი თავისას შვრებოდა მაინც. მიზანი კიდევ არ ჩანდა. ვმკითხაობდით, რომელი გორის უკანაა ეს წმინდა ადგილი და სადაა ზუსტად ტორონგ ლას უღელტეხილი…

ჩვენი გზა და მთები… ეს ჰიმალაებია

ზემოდანაც ლამაზი იყო ჩვენი ჯჰარკოტი, მისი ძველი ციხე და მონასტერი კარგად ჩანდა. ასეთი ციხის ნანგრევები კაგბენიშიც იყო. ნეტა ვისგან იცავდნენ თავს მშვიდობისმოყვარე ჰიმალაელები? კავკასიელებისგან განსხვავებით ამ მთების მაცხოვრებლები მშვიდები და დინჯები არიან, აქ არ სისხლის აღება იციან არც მარჯვენის მოკვეთა. ჩემს ახალ ამხანაგებს კავკასიური სისხლიანი ლეგენდებით ვართობდი და კარგად ვხალისობდით. ნეპალელებისთვის სისხლის აღება იმდენად გაუგებარი ცნებაა რომ დიდხანს დამჭირდა ახსნა, ბოლოს იტალიური კინოები მოვიშველიე. ისე საინტერესოა, ეს ადათი მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზოგიერთი ხალხებისთვისაა ცნობილი.
კიდევ კარგი ვაჟას პოეზია არ მოვყევი, თორემ ვშიშობ ამხანაგებს აქვე დავკარგავდი 🙂

ავედით შემდეგ დასახლებაში, რომელიც კარგად იყო გორებს შორის მიმალული, ესაა მუკტინაჰის დასახლება. სოფელი აქ არ იყო, თუმცა ტურიზმმა განავითარა დაბა, სადაც თაბამედროვე სასტუმროები და კაფეებია. პრინციპში დაბა მხოლოდ ერთი ქუჩისგან შედგება. ჩვენი სოფელი აუთენტურობით ბევრად ჯობდა აქაურობას, თუმცა აქ ინტერნეტი იყო ჩვენთან კი არა.

ხედი ჯჰონგზე ზემოდან.

შორს ეს ბუდისტური ტაძარი ჩანდა, ამ წმინდა ადგილზე ბევრი ბუდისტური მონასტერია და ერთი ძველი ინდუისტური. ბევრ ლეგენდას უკავშირებენ აქაურობას.

ესეც ტიპიური სუვენირი კალი-განდაკის ხეობიდან, გაქვავებული ზღვის არსებები, 3000 მეტრის სიმაღლეზე. როდესაც ინდოეთი დამოუკიდებელი კონტინენტი იყო აქ ზღვა იყო, შემდეგ კონტინენტები ერთმანეთს დაეჯახნენ და ჰიმალაები და ტიბეტის პლატო წარმოიშვა, ზღვის ბინადრები კი მაღლა მთებში გაქვავდნენ.

მუკტინაჰის ერთადერთი ქუჩა…

ბობ მარლი ძალიან პოპულარულია ნეპალში. კატმანდუში და პოჰარაში ბევრი ბარია მისადმი მიძღვნილი, ეს კი ალბათ ყველაზე მაღალი ბობ მარლია 🙂 პრინციპში მთელი ქვეყნის დევიზია don’t worry be happy 🙂


Posted

in

, ,

by

Tags:

Comments

Leave a Reply