მარფა, მუსტანგი

სოფელში ასეთი შთამბეჭდავი შესვლის შემდეგ მოვხვდი სუფთა, ფიქალით მოკირწლულ ქუჩაზე, ქუჩა ვიწრო იყო, გარშემო თეთრი ქვის სახლები, როგორც ყველგან მუსტანგში, ძალიან თბილოდა. დრო იყო დამესვენა, ჩაი დამელია და ასე განმეგრძო სოფლის დათვალიერება. ცოტაც გავიარე და ჩვეული წარწერა შემხვდა Hotel – roof top restaurant, გარეთ “ბირჟა” იყო. ჩავუარე ბირჟას და შევედი. მოვხვდი “პატიოში” ისე ახლო აღმოსავლეთის და ესპანეთის მსგავსად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს ჰიმალაებშიც ბევრი შიდა ეზო – ანუ ესპანურად პატიო შემხვდა. ჯჰარკოტშიც, კაგბენიშიც, აქაც… თუმცა აქაური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ყველა პატიო გადახურულია და სახლის ცენტრში შუშაბანდს ჰგავს.. თუმცა გადახურვა როგორც წესი ნახევრად გამჭირვალე შიფერისგანაა, ამიტომ მზის სინათლე სახურავიდან უხვად აღწევს, რაც უცნაურ გარემოს ქმნის – არც სახლში ხარ, არც ეზოში.

შევედი, მიმოვიხედე, და მაშინვე სასტუმროს და რესტორნის პატრონიც გამოვიდა, შუა ხნის კაცი. ლიმონით და ჯანჯაფილით ჩაი ვთხოვე. ჩემს გარდა არცერთი უცხოელი არ იყო აქ. კაცმა შემთავაზა სახურავზე დაჯდომა, საიდანაც შესანიშნავ ხედს დამპირდა. ჩაისთან ვაშლის ნამცხვარიც შემომთავაზა. ვაშლები მარფას სავიზიტო ბარათია, ამიტომ უარს როგორ ვიტყოდი ასეთ საქმეზე. გაგონილი მქონდა, რომ ვაშლის ნამცხვრებიც აქ საუკეთესოა. დავუჯერე კაცს, შევუკვეთე 1 ნაჭერი ნამცხვარი და ავედი სახურავზე. ხედი მართლაც კარგი იყო. თუმცა მივყვეთ თხრობას და ფოტოებს თანმიმდევრობით…

ესეც მარფას ქუჩა. ნეპალში საწვიმარი არხი პირველად ვნახე. ისე, რა პარასდოქსულიც არ უნდა იყოს, ეს სოფელი ყველაზე მოვლილია რაც კი ნეპალში ვნახე. ბევრი ევროპული სოფელი ვერ დაიკვეხნის ასეთი კოპწიობით, ქართულზე საუბარი არ მაქვს. ისევ უშგულის ტალახის და ნაკელის მორევები გამახსენდა…

ზემოთ ეს დიდი და ლამაზი რა თქმა უნდა მონასტერია. უფრო სწორედ ეტყობა მონასტრის დაბლა შენობა, მთავარი გომპა მაღლაა და რა თქმა უნდა წითელი.

ტიპიური ქუჩა მარფაში. საკვირველად სუფთა და მოვლილი, ძალიან კოლორიტული და აუთენტური… პირველივე ნაბიჯებიდან მივხვდი, რომ ტყუილა არ დავრჩი მუსტანგში კიდევ ერთი დღე და მარფა სანახავად ღირდა.

სოფელი ნაკლებად ტურისტულია. რეგიონის ცენტრი ჯომსომია. ადრე, სანამ სამანქანო გზას გაიყვანდნენ ტრეკერები ტატოპანამდე, რაც თითქმის ბენისთან არის, ფეხით მიდიოდნენ და მარფა მარშრუტზე იყო, ახლა კი ასე უკვე ცოტა დადის. თან ბევრი, ჩემსავით, მუსტანგში საჰაერო გზით ხვდება. მიუხედავად ამისა, ტურიზმი სოფლისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სუვენირების მაღაზიებიც ბლომადაა, გამყიდვლები, ტიბეტელები კი ძალიან აქტიურები არიან.

მშიოდა, მწყუროდა და პირველ მაღაზიებს სწრაფად ჩავუარე.

ამრიგად ავედი სახურავზე და ხედი მართლაც კარგი იყო. კლდეში ის თეთრ-წითელი სამკუთხედი რა არის ჩემთვის უცნობი დარჩა. გარშემო ბევრი თეთრი სალოცავი დროშები და კლდეზე ტიბეტურად სხვადასხვა წარწერები იყო. ვეჭვობ რომ რელიგიური ხასიათის.

ასე გამოიყურება მარფა სახურავიდან. კაცმა მალევე ამომიტანა ჩაიდნით ჩაი და ვაშლის ნამცხვარი. ნამცხვარი მართლაც განუმეორებლად გემრიელი იყო, ძალიან თხელი ცომი და თითქმის ცოცხალი გახეხილი უგემრიელები ვაშლი. თან მზის გულზე ჩაის ვწრუპავდი და ყელს ვიამებდი თან ვტკბებოდი სილამაზით და ფოტოებს ვიღებდი.

მონასტერზე უკეთესი ხედი, წითელი გომპა უკან, მაღლა ჩანს.

მარფას სახურავები. აი პირველად საიდან დავინახე ტყე! მარფას ქვემოთ მთები აღარ იყო ხრიოკი, და ეს ულამაზესი სოფელი ტყეების ზედა კიდეზეა გაშენებული. აქ კი შეშა აღარ უნდა იყოს პრობლემა. ტყე ახლოა.

სახურავზე ნებივრობის შემდეგ ჩავედი დაბლა. მასპინძელმა დარიგებები მომცა რა უნდა მენახა, და ლანჩზეც ჩემთან შემოდიო. მეც გავუდექი გზას… გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ ამ ნათელი, ლამაზი და თბილი სოფლის ნაცვლად, ცივ, ქარიან და რაღაცნაირად უჟმურ ჯომსომში ვცხოვრობ.

Posted

in

, ,

by

Comments

One response to “მარფა, მუსტანგი”

Leave a Reply