ბუდა დაიბადა ნეპალში – ასეთ წარწერას ბევრგან ნახავთ ნერპალში. ეს ეროვნული სიამაყის თემაა. სინამდვილეში, 2500 წლის წინ სამხრეთ ნეპალის და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე უამრავი სამეფო-სამთავრო იყო. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომლის დედაქალაქიც დღევანდელ სამხრეთ-დასავლეთ ნეპალში იყო. სწორედ ამ სამეფოს მეფის ოჯახში დაიბადა ვაჟი – სიდჰართა გაუტამა. მის დაბადებასთან დაკავშირებით ბევრი წინასწარმეტყველება იყო. მამამისს უთხრეს, რომ უფლისწული ან დიდი მეფე ან დიდი სულიერი მასწავლებელი დადგებოდა.
ბავშვის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა დედამისი – დედოფალი მაია. მეფეს სულაც არ ხიბლავდა შვილის სასულიერო კარიერა, ამიტომ მან იგი აარიდა ყველაფერ იმას, რასაც შეეძლო ახალგაზრდა სიდჰართაში სულიერებაზე ფიქრი გამოეწვია. უფლისწული ფუფუნებაში გაიზარდა, მოიყვანა ცოლი, შეეძინა ვაჟი. მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა იგი პირველად ამალის გარეშე ქალაქში, სოფლებში და ნახა განსაცდელი – სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი. უფლისწული იმდენად შეძრა ნანახმა, რომ იგი გაიპარა სასახლიდან, შეუერთდა მოხეტიალე ასკეტებს ჭეშმარიტების ძიებაში.
ძვ. წ. II საუკუნეში ინდოეთში გამეფდა აშოკა, რომელმაც დამპყრობლული ომებით შექმნა უზარმაზარი იმპერია, მთელი ჩრდილოეთ ინდოეთი დღევანდელ ავღანეთამდე გააერთიანა. შემდეგ მან მიიღო ბუდიზმი და იმპერიის მთავარ რელიგიად აქცია. იგი მფარველობდა ბუდისტ ბერებს და მისი მმართველობის პერიოდში უამრავი მონასტერი და უნივერსიტეტი აშენდა. სწორედ მან ააშენა ლუმბინიში, ბუდას დაბადების ადგილზე პირველი მონასტრები.
ლუმბინიში გვიან საღამოს ჩავედი და დავბინავდი სასტუმროში. ამინდი ცივი და ნესტიანი იყო. მეორე დღეს საშინელი ნისლი დამხვდა. ვისაუზმე და წავედი მთავარი ტაძრის – მაია დევის სანახავად. გადმოცემით სწორედ აქ დაიბადა ბუდა. ტაძარი თანამედროვეა, და სიმართლე რომ ვთქვათ ტაძარს არც ჰგავს. უფრო დიდი კუბის ფორმის შენობაა, რომელიც ფარავს სასახლის ნარჩენებს, სადაც ბუდა დაიბადა. აქ უამრავი მომლოცველი მოდის, რათა თაყვანი სცენ წმინდა ადგილს. გარშემო თითქმის ყველა ბუდისტური ტრადიციის მონასტრებია.
X საუკუნეში ჩრდილოეთ ინდოეთში დაიწყო მუსულმანური ექსპანსია. ბუდიზმი დაკნინდა, დაიწყო ინდუიზმის აღმავლობა. აშოკას მიერ აშენებული მონასტრები დაცარიელდა და დაინგრა. ეს ადგილიც XIX საუკუნემდე დავიწყებას მიეცა. სამხრეთ ნეპალი კი ჯუნგლებმა დაიპყრო, რამაც შექმნა ბუნებრივი საზღვარი მეზობელ ინდოეთმა. XX საუკუნის შუა წლებში, როდესაც ნეპალი ღია გახდა უცხოელებისთვის, დაიწყო აქ მონასტრების მშენებლობა. ამავე დროს მოხდა სამხრეთის ჯუნგლების გაჩეხვა, ურბანიზაცია, ჭაობების დაშრობა. 60-ან წლებში კი ტიბეტიდან ბევრი ლტოლვილი ჩამოვიდა ნეპალში და ბუდისტური წმინდა ადგილების მახლობლად დაიდეს ბინა. ამ ყველა ფაქტორმა ერთად გამოაცოცხლა ლუმბინი.
მაია დევის ტაძარი ნისლში ძველი მონასტრების ნანგრევების ფონზე.
წმინდა აუზი, სადაც ლეგენდის თანახმად მაია დევი განბანეს მშობიარობის შემდეგ.
ტაძარი. შიგნიდან საინტერესოა, გადაღება არ შეიძლება.
ლუმბინი ქალაქი არაა… ეს ადგილი სასაზღვრო ქალაქიდან – ბაირავადან (იგივე სიდჰართანაგარი) 22 კილომეტრშია. ლუმბინი უზარმაზარი პარკია, სადაც ცენტრში მაია დევის ტაძარია, აღმოსავლეთით თჰერავადას მიმდევრობის მონასტრები, დასავლეთით მაჰაიანას მიმდევრობის. პარკის გარშემო კი სასტუმროებია. სატაძრო კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
მომლოცველები.
ნისლში მომლოცველები… მიუხედავად ნისლიანი ცივი ამინდისა ბევრნი იყვნენ აქ.
გავყევი აღმოსავლეთის მხარეს, სადაც ტჰერავადას ტრადიციის მონასტრებია. ტჰერავადა ბუდიზმს ინდოჩინეთის ქვეყნებში მისდევენ ძირითადად.
ტაილანდის სამეფო არ ზოგავს თანხებს მონასტრებზე.
პატარა ბუდა.
ეს ისევ პარკის ცენტრია მარადიული ცეცხლით. ეს გრძელი აუზი კი ტჰერავადა და მაჰაიანას მონასტრებს ყოფს.
აშოკას სვეტი მაია დევის ტაძართან აღნიშნავს ბუდას დაბადების ადგილს.
ეს შთამბეჭდავი ტაძარი მიანმურია. დაკეტილი დამხვდა.
მომლოცველები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.
2000 წლის წინანდელი მონასტრების კვალი.
დღის მეორე ნახევარში ნისლი გაიფანტა. წავედი მაჰაიანურ ნაწილში.
ვიეტნამური ტაძარი დაკეტილი დამხვდა.
მგონი ერთადერთი სტუპაა სადაც შიგნით ტაძარია.
სცენები ბუდას ცხოვრებიდან:
ამ ტაძარში გადაღება სამწუხაროდ არ შეიძლებოდა არა და შიგნიდან ძალიან შთამბეჭდავი იყო. ანტიკურ-რომაულის და აზიურის სინთეზი.
ბოლოს კი უზარმაზარი კორეული მონასტერი ვნახე რომელიც ძალიან ნელ ტემპებში შენდება.
ბუდისტებისთვის ლუმბინი იგივეა რაც ქრისტიანებისთვის ბეთლემი. პრინციპში მონასტრების გარდა აქ არც არაფერია, ამიტომ მხოლოდ ბუდიზმით დაინტერესებული ტურისტები და მომლოცველები ჩამოდიან აქ. კარგი რჩევა – ისეთი ნასკები ჩაიცვით, რომლის გადაგდებას აპირებთ.
ასე დასრულდა ჩემი მეორე მოგზაურობა ნეპალში. მეორე დღეს ინდოეთის საზღვარზე მივდიოდი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.