კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი

ფოტოაპარატი დასატენად ჩავრთე, ჩანთა საწოლზე დავდე და ჩემი ძველი ტაბლეტით კაგბენის დასათვალიერებლად წავედი. დასათვალიერებლად მართლაც ღირდა. კაგბენი ტიპიური ჰიმალაურ-ტიბეტური სოფელია და მდებარეობს კალი-განდაკისა და რაღაც მდინარის შესართავთან. სოფელი დიდი ჩანს, ძალიან ლამაზი და აუთენტური. ჩვენი სვანებისგან და სხვა მთის ხალხისგან განსხვავებით ჰიმალაების მოსახლეობას აშკარად მეტი საღი აზრი აქვთ და სოფელი არაა წითელ-ბორდოსფერ შიფერებით აჭრელებული. გარედან ყველაფერი აუთენტურია. თეთრი კირით შეღებილი ქვის კედლები, ფიქალით მოპირკეთებული ქუჩები და ბანიანი სახურაბევი შეშის მარაგებით. თვალს უხარია აქაურობა. ჭრელი მხოლოდ აბრები და დიდი წითელი მონასტერია.

ქუჩა კაგბენიში. მარცხნივ მაკ დონალდსის ჰიმალაური კონკურენტი იაკ დონალდსია.

ანტურაჟით ჰიმალაური ტყუპისცალი უფრო მომეწონა ვიდრე ამერიკული ორიგინალი, თუმცა არ შევსულვარ აქ. გავნაგრძე გზა.

ეს რაღაც მდინარეა, უკან კი შორს ის ავბედითი ტორონგ ლა ჩანს ალბათ. ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა მონასტრამდეც მივედი. სოფელში უხვადაა სალოცავი ბორბლები, მეც მივდიოდი, ვატრიალებდი, კარმას ვიუმჯობესებდი და აურასაც ვწმინდავდი.

როგორც შესასვლელში წარწერა იუწყება მონასტერი XV საუკუნისაა და ტიპიური ტიბეტური არქიტექურა და მოხატულობაა. შესვლა სიმბოლური 200 რუპი ღირდა. არც მიფიქრია, შევედი სანახავად. მეგზურად ახალგაზრდა ბერი გამიძღვა. შიგნით სურათების გადაღება არ შეიძლებოდა. თუმცა მოხატულობა ძალიან ლამაზი იყო, გომპაში სიმშვიდე სუფევდა. ცოტა ხანი წყნარად ვიჯექი ბალიშებზე, სანამ სიმშვიდე ჰოლანდიელი ტურისტების ხმაურიანმა ჯგუფმა არ დამირღვია.

მონასტრის ეზო. აქ ცხოვრობენ ბერები.

სალოცავი ბორბლები მონასტრის უკან. აქედან იშლებოდა ხედი ხეობაზე და ზედა მუსტანგზე.
ზედა მუსტანგი ადრე დამოუკიდებელი სამეფო იყო. აქ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა, რომელიც ინდოეთს, ნეპალსა და ტიბეტს აკავშირებდა. ტიბეტის ოკუპაციის შემდეგ გზა ჩაიკეტა და მუსტანგმა დაკარგა ფუნქციაც და შემოსავალიც. ზემო მუსტანგში საშვი 500$ ღირს, ამიტომ აქ ცოტა ტურისტი ადის. როგორც პოჰარას აეროპორტში გაცნობილმა ბერმა მითხრა, ამ ფულიდან რეგიონს კაპიკიც არ ხმარდება, რითაც ადგილობრივები ძალიან უკმაყოფილონი არიან. ზემო მუსტანგში ახლაც არის მეფე, რომელსაც არავითარი ფუნქცია არ აქვს. სამეფოს დედაქალაქია ლო მანტაგი.
სევდით გავხედე ხეობას. ისეთი მდიდარი ვარასოდეს ვიქნები 500$ მარტო საშვზე რომ გადავიხადო. იქ მოხვედრას თუ ოდესმე შევძლებ, მხოლოდ ნეპალელთა პოფიგიზმის წყალობით.

კაგბენიში კაციშვილი არ დაინტერესებულა არც ჩემი პერსონით, არც ჩემი საშვით, არც ჩემი გეგმებით. უფრო სწორად ჩემი პერსონით ფართოდ მხოლოდ გამყიდვლები ინტერესდებოდნენ. ქუჩაში ჩემი ასაკის ტიბეტელი ქალი გადმომიდგა, ისე მომესალმა, რომ, 150% რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული რომ მონასტრის ბარის ტენზინის გარდა არცერთ ტიბეტელ ქალს არ ვიცნობ, სერიოზულად ვიფიქრებდი, რომ ვინმე ძველი ნაცნობია. შემიყვანა მაღაზიაში, მეჭორავა, გამომკითხა ჩემი ვინაობა და ასავალ-დასავალი, მომიყვა თავისი ბიოგრაფიაც, ჰო და საქართველო ტიბეტის მეგობრობის დადგენის შედეგად 3 “ბრილოკი” ვიყიდე 500 რუპიად და თავი დავიხსენი.

სხვა ქალმა 100 გრამი იაკის ყველი მომყიდა საკმაოდ ძვირად. მაგრამ ყველს ისე ვიყავი მონატრებული, თან იაკისა მომეწონა, რომ სამშობლოსაც მივყიდდი კაგბენელ გლეხ ქალს.

უცნაური ინტერესიც იყო – ვიღაც ბებო გადამეყარა ქუჩაში, ჩვეულ ნამასტეზე პასუხად ჩამიხუტა, გადამკოცნა, რაღაც გაუგებარი მითხრა და წავიდა. ვერ მივხვდი დიდი ხნის წინ დაკარგულ შვილიშვილს მიმამსგავსა, თუ ასეთი სითბო რითი დავიმსახურე.

ეს გზა ზემო მუსტანგისკენ მიდის. ვუყურებდი და ნერწყვები მომდიოდა. კაგბენიში ვერცერთი ოფიციალური პირი ვერ შევნიშნე, ვისაც შეიძლება ჩემი საშვი ენახა… აქ 3G და კარგი ცხოვრება არაა. ინტერნეტი მხოლოდ სატელიტის სახითაა. ვეძებდი კაფეს სადაც სანატრელი Wi-Fi ეწერებოდა, რომ ხმა მიმეწვდინა მსოფლიოსთვის. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, კაგბენიში.

ასეა მოპირკეთებული სოფლის ქუჩები. ტალახიანი უშვული გამახსენდა, სადაც წვიმისას ტალახის და ნაკელის წყაროები მოედინება…

ვაშლის ხეები…

კედლის მიღმა შეძახილი და მერე ისეთი ხმები გავიგე, შემეშინდა. ოჯახური ძალადობის მძიმე სურათს ველოდი, როდესაც კედელზე ავღოღდი, მაგრამ ქერის ლეწვა დავინახე სანაცვლოდ.

ქერის ყანა. უკან ნილგირია ღრუბლებში.

სოფლის ბოლოც. აქ ამ აბრის მეტი არაფერი მიუთითებდა, რომ უცხოელისთვის გზის გაგრძელება 500$ ღირს.

ბოლოჯერ შევავლე თვალი მუსტანგს და კალი-განდაკის და უკვე შემცივდა და მომშივდა, საღამოვდებოდა და სასტუმროში დაბრუნება ვარჩიე.
სასტუმროს სასადილოში სხვა ხალხიც დამხვდა. გერმანულ-თურქული წყვილი გიდით სწორედ ზემო მუსტანგიდან მოდიოდნენ. მაგრამ იმდენად unfriendly იყვნენ, რომ გამოკითხვას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ბებერმა გერმანელმა რატომღაც ისე შემხედა, რომ მაგიდაზე მისგან რაც შეიძლება შორს დაჯდომა ვარჩიე.
აქ ორი ბიჭი იჯდა, რომლებიც გაცილებით უფრო კომუნიკაბელურები გამოდგნენ, ნეპალელი და ჩინური წარმოშვების ამერიკელი. ისინიც ჩემსავით მუკტინაჰისკენ მიდიოდნენ. საღამო მხიარულად გავატარეთ, ბევრი ვიხუმრეთ და ვიცინეთ. დილით დიდი გზა იყო გასავლელი.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply