ვარანასი

ვარანასი – პრაქტიკული ინფორმაცია

რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ქალაქ ვარანასიში ჩასვლისას? ვარანასიში არის 1 აეროპორტი და რამდენიმე რკინიგზის სადგური. სადგურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია Varanasi Junction კოდით BSB. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო სადგურია ქალაქიდან 17 კილომეტრში განგას მეორე ნაპირზე Mugal Sarai კოდით MGS.

ვარანასიში მთელი ტურისტული ცხოვრება განგას გატებზეა. აქაა უამრავი იაფი გესთჰაუსი და კაფე. გატებამდე ტუქტუკები და რიქშები არ მიდიან. ძველი ვარანასის ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ აქ ფეხით სიარულიც არაა ადვილი. ამიტომ სასურველ გესთჰაუსამდე საკმაო მანძილის ფეხით გავლაა საჭირო.


ვარანასის რუქა.
DSCN5804
სარეცხს აშრობენ გატებზე.

გესთჰაუსები

იაფი გესთჰაუსების ფასები მერყეობნს 200-600 რუპის ფარგლებში. ოთახები საშუალო სისუფთავის. სუფთა თეთრეულის შესახებ ფიქრიც დაივიწყეთ. თხელი საძილე ტომარა ან ტომარაში ჩასაფენი კონვერტი კარგად გამოდგება. დიდ რეკომენდაციას ვუწევ Lord Vishnu guesthouse პანდეი გატზე.

ოთახების ფასი 400 რუპი, ინდივიდუალური სველი წერტილები და ცხელი წყალი. ძალიან კარგი მფლობერლები, არის ბაღი, სადაც ტურისტები საღამოებს ერთად ატარებენ. ეზოგან ორი გასასვლელია, ქუჩაში, საიდანაც რამდენიმე კარგი კაფეა ახლოს, და გატებზე.
DSCN5808
ხალხი განგაში ბანაობს.

კვება

ვარანასიში ჰიგიენური კვება ცალკე თემაა. ჭამეთ იქ სადაც ჭამენ ევროპელები!!! ჩემს მიერ რეკომენდირებული საკვები წერტილებია: German bakery – ნეპალურ-ინდურ ევროპული სამზარეულო, ნეპალელების ბიზნესია, ზოგადად მთელს ინდოეთში German bakery ნეპალელებისაა. კიდევ ჩვენთან ახლოს იყო კორეული რესტორანი. ვარანასი უბინძურესი ქალაქია. ქუჩაში ნაყიდი ხილი აუცილებლად უნდა გაიფცქვნას. უკვე გაფცქვნილ-დაჭრილი პაპაია არ ჭამოთ, ჩემი ერთი მეზობელი სასტიკად მოიწამლა. არავითარი სთრით ფუდი, დაივიწყეთ ამის შესახებ. მხოლოდ კარგ რესტორნებში კვება, მხოლოდ გაფცქვნად-გათლადი ხილის ჭამა. დღე არ გადიოდა ვინმე ევროპელი რომ არ მოწამლულიყო გაუფრთხილებლობით. ონკანის წყალზე ფიქრიც დაივიწყეთ. თუმცა მე კბილებს ვიხეხავდი და არა მიჭირს. გატებზე ჩაი დალიეთ მხოლოდ ერთჯერადი ჭიქებიდან. შუშის ჭიქიდან ერთმა იტალიელმა დალია და ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, ეტყობა ჭიქა განგაში გარეცხეს. ის რაც ინდოელებისთვის წმინდაა, ნებისმიერი ევროპელისთვის სასიკვდილოა – განგას წყალს ვგულისხმობ. ქალაქში საშინელი სიბინძურეა და ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ ადგილას კვება კი დღეში კაცზე მაქსიმუმ 500 რუპი გამოვა. ვარანასი იაფი ქალაქია, ამიტომ საჭიროზე მეტად ნუ დაზოგავთ ჯანმრთელობის ხარჯზე.
DSCN5811

ასაკოვანი წყვილი და გურუ.

ასევე სიფრთხილეა საჭირო ქუჩის ძაღლებთან – ამდენი დაავადებული ძაღლი ერთად არ მინახავს. ცალკე საფრთხეა მაიმუნები. ბევრნი არიან. ზოგადად ადამიანს არ ერჩიან თუ კი მას ხილი ან სხვა საინტერესო საჭმელი არ აქვს თან. ამ შემთხვევაში ჯობია საჭმელი ისროლოთ, რადგან მაიმუნები იკბინებიან და ზოგს ძალიან საშიში ვირუსი აქვს. მოკლედ სიფრთხილე და ჰიგიენა – შთაბეჭდილებებთან ერთად რამე არასასიამოვნო დაავადება რომ არ გამოიყოლოთ თან.

DSCN5809
სულიერი მოძღვარი სამწყსოს უქადაგებს.

გადაადგილება

ვარანასიში ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს (არა და თითქმის მილიონიანი ქალაქია). გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტუქტუკები და რიქშებია. ტუკტუკებს უნდა ევაჭროთ, თან ბევრი. რიქშებსაც. მძღოლების უმეტესობამ ან საერთოდ არ იცის ინგლისური ან არ იმჩნევენ, რაც ართულებს ვაჭრობის პროცესს, მაგრამ ეს აუცილებელი პროცედურაა. აქ თუ თეთრკანიანი ხარ, ესე იგი უნდა დაგასიაფანდონ, თუ ვერ დაგასიაფანდეს, ესე იგი დღემ ტყუილად ჩაიარა. მე 30%-მდე ვაგდებდი ფასებს ვაჭრობისას, თუმცა ამ საქმის დიდოსტატი არა ვარ. ჯობი სასტუმროს პატრონს ჰკითხოთ საით მიდიხართ და რა არის სამართლიანი ფასი და ის დაგაკვალიანებთ. გატებზე და ძველ ქალაქში მხოლოდ ფეხით უნდა იმოძრავოთ. ახალ ქალაქში არც კი იფიქროთ ამაზე, ტროტურები არაა, ქაოტური მოძრაობაა და 100 მეტრის გავლაც სერიოზული სტრესია.
DSCN5810
გატი.

მატარებლები

ტურისტების უმრავლესობა ვარანასიში მატარებლებით ხვდება. უტარ პრადეშის შტატში გზები იმდებად ცუდია, რომ არ გირჩევთ ავტობუსებით მგზავრობას. გაიხსენეთ გორახპურიდან ვარანასიში ჩემი მოგზაურობა. ვარანასის ცენტრალურ სადგურზე არის ტურისტული ოფისი, სადაც ეხმარებიან ტურისტებს იყიდონ საჭირო ბილეთი. მუგალ სარაიზე ასეთი რამე არ შემიმჩნევია. ინდოეთში არის დასაჯდომი მატარებლები და დასაძინებელი. კლასები ასე იშიფრება: დასაჯდომებში 2 კლასია SL და 2S. უფრო კარგია SL. სუფთა ვაგონია კარგი სავარძლები, კონდიციონერი თუ ცხელა, ყველას თავისი ადგილი აქვს. 2S იაფი ხის სკამებია, ვინც სად მოასწრებს იქ ჯდება. ბილეთის ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია. დასაძინებელში კი არის 3 კონდიციონერიანი კლასი 1 AC ჩვენებური CV ოღონდ როგორც ამბობენ კუპეებს კარების მაგივრად ფარდები აქვს, 2Tier AC ჩვენებური კუპეებივით მაგრამ კარებების გარეშე, უფრო პლაცკარტს ჰგავს, 3Tier AC პლაცკარტია, სუფთა, მარა 2 კი არა 3 თარო კიდია, შუა თაროზე შესაძრომათ კარგი მოხერხებულკობაა საჭირო. შემდეგი უფრო დაბალი და არაპრესტიჟული კლასია sleeper იგივე პლაცკარტი რაც 3 ტიერი, ოღონდ უკონდიციონერო, დანარჩენი სხვაობა ფასშია და კიდევ კონდიცირებად კლასებში არიან კონდუქტორები და წესრიგია, სლიფერში კი საკმაოდ ბალაგანია და კონდუქტორი ერთხელ ვნახე სულ. ყველა ზემოთხსენებულ კლასებზე ბილეთები უნდა მინიმუმ 1 კვირით ადრე იყიდოთ. ინდოეთში წასვლამდე დედაენასავით ისწავლეთ ამ საიტის გამოყენება erail.in. თქვენ კი ქართული ბარათით ბილეთს ვერ იყიდით, მაგრამ მატარებლების განრიგი გეცოდინებათ. აუცილებელი რამეა. ამას მობილურის აპლიკაციაც აქვს და მგობნი ყველაზე მეტად ეს გამომადგა. ზემოთხსენებულთა გარდა არის კიდევ General კლასის ბილეთი. ეს ყველაზე იაფია და ბოლო მომენტამდე იყიდება. ამ ბილეთის პატრონმა თავად უნდა იზრუნოს სად დაჯდეს და შეიძლება საერთოდ ვერ დაჯდეს. სადაა ჯენერალ ვაგონი ჩემთვის უცნობია. მე ორჯერ ვიყიდე ასეთი ბილეთი და სლიფერით ვიმგზავრე დღისით, როდესაც დაწოლა არ მჭირდებოდა. ერთხელ ტამბურში ვიჯექი, მეორეჯერ ვიპოვე დასაჯდომი ადგილი. როგორც მითხრეს კონდუქტორს ქრთამი უნდა მისცე 50 რუპი და სლიფერში მოგათავსებს, მე ეს არ დამჭირვებია, თავად მოვთავსდი. კიდევ ბევრი ხრიკები აქვს რკინიგზებს რაზეც დავწერ კიდევ დაწვრილებით.

 
DSCN5812
სარეცხს რეცხავენ.

სანახაობები

პრინციპში გატების გარდა არც არაფერია ვარანასიში.

მთავარი გატი ცენტრში არის დაშასვამედჰი. საშუალოდ გატის სიგრძე 50 მეტრია. ცნობილია მანიკარნიკა გატი, სადაც კრემატორიუმია. საკმაოდ არასასიამოვნო ადგილია. იქ გადაღება არ შეიძლება ამიტომ ფოტოებიც არ მაქვს. მანიკარნიკაზე ისეთი სიმჭიდროვითაა კოცონები რომ სუნთქვა ძნელია, თან შარფი იქონიეთ სახეზე რომ აიფაროთ. ყველაზე დიდი სიამოვნება განგაზე ნავით სეირნობისას მივიღე. ამაზე კიდევ დავწერ. ფასი როგორც შეევაჭრებით. ჩვენ 150 რუპით გამოგვივიდა 1 საათი. ნავიდან ძალიან ლამაზია ქალაქი. ბუდიზმის თაყვანისმცემლებმა არ უნდა გამოტოვონ სარნათი, ეს ვარანასის გარეუბანია, სადაც ბუდან პირველი ქადაგება წაიკითხა, ძალიან კარგი ადგილია.

 
DSCN5813
თოლიები განგაზე.

მოკლედ Must see და Must do არის: განგა პუჯა, ყოველ საღამოს. სარნათი, ნავით სეირნობა, გატების გასწვრივ ბოდიალი. დანარჩენ ქალაქში არც არაფერია ისეთი. არც ისე შორსაა ე.წ. ოქროს ტაძარი. ეზოში მარტო ინდუისტებს უშვებენ, თუმცა ნეპალელებისგან განსხვავებით არ მიიჩნევენ რომ ინდუისტი მარტო ინდოელია, თეთრი კანი არაა პრობლემა, უსაფრთხოების ზომებია უმკაცრესი, თან ძალიან დიდი რიგებია და არც ტაძარია არაფერი იმდენად გასაგიჟებელი.

DSCN5814
სარეცხი…

მკაცრი გაფრთხილება:

გატებზე ბევრი ბარიგაა. უმეტესობა მხოლოდ მარიხუანას ყიდის, ზოგი კი ავღანურ ოპიუმსაც გთავაზობენ. როგორც ამ დარგის მცოდნეებმა მითხრეს, მათგან არაფრის ყიდვა არ შეიძლება!
საერთოდ, ურატ პრადეში არაა უსაფრთხო შტატი და ყველაფერში სიფრთხილეა საჭირო. მე კი არაფერს არ გადავყრივარ, მაგრამ მსმენია და წამიკითხავს ტურისტების გაქურდვის ამბები. ასევე არ ჭამოთ და არ დალიოთ უცხო პირის მიერ შემოთავაზებული საჭმელი, თურმე ხშირად, საჭმელ-სასმელს ურევენ ნარკოტიკს, აბრუებენ ადამიანს და ძარცვავენ.

DSCN5815
სარეცხი და ტაძარი

მენავეებსაც წინასწარ მოურიგდით ფასზე. ნავზე 150-200 მაქსიმუმ 300 რუპია ნორმალური ფასი.

DSCN5819
ნავის მშენებლობა.

DSCN5816
განგა

გაგრძელება იქნება.


Posted

in

,

by

Comments

Leave a Reply