გოკარნა პატარა ქალაქია კარნატაკას შტატში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია – შივასი, განეშის და რამასი, რის გამოც იგი ინდუისტებისთვის წმინდა ადგილია და ბევრი მომლოცველი ჩამოდის აქ. თავიდან ზღვაზე რომ გადავწყვიტე წასვლა ვორჭოფობდი, გოკარნა ამერჩია თუ კერალას შტატის საზღვაო ადგილები ვარკალა ან კოვალამი, გოა არც კი განიხილებოდა რუსი ტურისტების სიჭარბისა და ფასების გამო. ბოლოს არჩევანი გოკარნაზე გავაკეთე, რადგან კერალაში უკვე გაუსაძლისი სიცხე იქნებოდა და თან ჰამპიდან ადვილად ჩავიდოდი.
ღამის ავტობუსი დილის 3 საათზე მივიდა ქალაქ ანკოლაში, სადაც გოკარნას ხალხი ჩამოგვსვა და გზა გოასკენ განაგრძო. ჩვენ კი 1 საათი ვისხედით სადგურზე სანამ მეორე ავტობუსი არ მოვიდა და გოკარნაში წაგვიყვანა. დილის 5 საათისთვის უკვე გოკარნაში ვიყავით. უმრავლესობა ომ ბიჩზე მიდიოდა, მე კი ჯერ არავითარი გეგმები არ მქონდა.
გოკარნაში რამდენიმე პლიაჟია – მთავარი პლიაჟი, რომელიც ქალაქში მდებარეობს და თავიდან აქ მინდოდა გაჩერება, კუდლი, ომ – ყველაზე პოპულარული, ჰალფ მუნი და პარადაისი – სადაც არაა არც სასტუმროები არც კაფეები. მე და გერმანელი წყვილი დავრჩით ეულად სადგურზე ყოველგვარი იდეების და გეგმების გარეშე. გადავწყვიტეთ გათენებამდე პლიაჟზე წავსულიყავით და მერე გვეძებნა თავშესაფარი. 5 წუთში პლიაჟზე ვიყავით, მაგრამ…. რამდენიმე ასეული მომლოცველი ერთად იხეხავდა კბილებს. კიდევ რამდენიმე ათეულს ჯერ კიდევ ეძინათ ქვიშაზე… გარშემო ბლომად ნაგავი იყო. სამივემ გადავწყვიტეთ, რომ რელიგია არ გვინდა და ჯობია კუდლი ბიჩზე გადავინაცვლოთ. ისევ სადგურთან მივედით და ვიპოვეთ ტუკტუკი, რომელმაც კუდლიმდე მიგვიყვანა.
დავსხედით ზღვის პირას დაველოდეთ მზის ამოსვლას.
კარგად გათენდა და დავიწყეთ ოთახების ძებნა რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. მე პლიაჟის ბოლოს დავბინავდი 800 რუპით ინდივიდუალურ სველ წერტილიან ოთახში. გერმანელები წავიდნენ ყველაზე კარგ სასტუმროში strawberry farm სადაც ოთახი 1500 რუპი ღირდა და შეძლეს ოთახის შოვნა.
მე შუა დღეს მითხრეს Ganga guesthouse-ში რომ აქვთ ოთახი და მეორე დღეს უკვე აქ გადმოვედი. ოთახი საზიარო სველი წერტილებით 400 რუპი ღირდა. რესტორანი კარგი იყო, სამეზობლოც. შემდეგი 3 კვირა აქ გავატარე.
ოთახების ფასები აქ 300 რუპიდან იწყება. წინასწარ დაჯავშნა ძნელია, ადგილზე უნდა ეძებოთ. ხშირად სტუმრის გასვლამდე პატრონებმა არც იციან როდის ექნებათ ოთახი. გასვლის დრო კი 10:00 არის. ამბობენ ქალაქში ფასები 200 რუპიდან იწყებაო.
კუდლი ბიჩი. ბოლოს ყვითელი მოაჯრით განგა გესთჰაუსია.
აქვს განგაში რესტორნის გარდა ინტერნეტ კაფეცაა.
ჩემი ოთახი განგაში ჰამაკის ყიდვამდე.
დღეები კუდლიზე საკმაოდ მონოტონურად მაგრამ ძალიან კარგად მიდიოდა. რამდენიმე დღე იოგაზე ვიარე ინტენსიურად.დილაობით ვცურავდი.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.