გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალი

სერპანტინებიც ამოვიარე და ამ ხედით დასატკბობად მიწაზე დავჯექი, ზურგჩანთა მოვიხსენი და მოვდუნდი. ამასობაში კაგბენიში გაცნობილი ბიჭებიც წამომეწივნენ და ისინიც დასასვენებლად ჩამოსხდნენ. დასვენების შემდეგ, როგორც ზღაპრებშია, დავძმობილდით და გზას ერთად გავუდექით.

გზა ასე გამოიყურებოდა, შედიოდა ამ ხეობაში, სადაც მუკტინაჰის ტაძარია სადღაც იქ შორს, რამდენიმე სოფელი და ბოლოდ ტორონგ ლას უღელტეხილი.

ხეობაში ლამაზი ხედები დაგვხვდა. ხრიოკი არემარე სოფლების ბაღებით იყო დამშვენებული. აღმართებზე სიარულის შემდეგ სოფლის დანახვა ისე გვიხაროდა როგორც კოლუმბს ამერიკის.

სიარული ადვილი გახდა, მიუხედავად იმისა რომ 3000 მეტრის ნიშნულს ავცდით. იშვიათი მანქანები გვიშლიდნენ მხოლოდ ხელს, მტვრის ბუღით. მე მთელი დღე ნიღაბი მეკეთა სახეზე ყელის დასაცავად. მზე აჭერდა. ჩაი მოგვინდა და მალე პირველივე სოფელში შევედით, სადაც პირველივე სახლში კაფე დაგვხვდა.

რომეო და ჯულიეტა ჰიმალაებში, სოფელი ხინგა. დავსხედით ჩაის დასალევად და წასახემსებლად. მე ჯიბიდან ამოვიღე იაკის ყველი და იმით დავკმაყოფილდი… ყველი გემრიელი იყო, მაგარი, მშრალი. ნეპალელისთვის სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა ცარიელი ყველის ჭამა, მაგრამ ჩემთვის ახლა ამაზე გემრიელი არაფერი იყო.

ეს ბავშვი რატომღაც დამედევნა, მეც ავიყვანე დავაბზრიალე. დასვენებულები გზას გავუდექით.

წინ სოფელი ჯჰარკორი იყო, ხეობის გაღმა ჯჰონგი. სადღაც ზემოთ კი მუკტინაჰი.

სუვენირულ შარფებს პირდაპირ გზაზე ქსოვენ, ტიბეტურ სტილში.

ჯჰარკოტიც მოახლოვდა. 3500 მეტრის სიმაღლეზეა ეს სოფელი. მიუხედავად გზის სიმარტივისა, სიმაღლის გამო სიარული მიჭირდა, და არაა მხოლოდ მე. 3-ჯერ მეტი ენერგია მიდის ვიდრე 1 კილომეტრით დაბლა. სოფელი შატილს მაგონებდა. გადავწყვიტეთ ამ აუთენტურ სოფელში დარჩენა.

სოფლის შესასხლელში ქვები იყო, ზედ ალბათ მანტრები ეწერა ტიბეტურად.

ხრიოკი არემარეც შეიცვალა ასეთი ჭრელი ხეებით…. აქ შემოდგომა იგრძნობა ცენტრალური ნეპალისგან განსხვავებით.


Posted

in

, ,

by

Tags:

Comments

Leave a Reply