გზა კაგბენისკენ. ნეპალი. ჯომსომი – კაგბენი

სოფელი კაგბენი კალი-განდაკის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ქვემო მუსტანგის უკანასკნელი სოფელია, მის მერე უკვე ზემო მუსტანგის ტერიტორია იწყება. Google Maps-ის თანახმად ჯომსომი-კაგბენი 11 კილომეტრია და სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილება. კაგბენი 2800 მეტრის სიმაღლეზეა. ნეპალში წასვლამდე ვნახე ნეპალური ფილმი კაგბენი სადაც გმირები ამ გზას გადიან და გზაში ფათერაკეები ემთხვევათ. თუმცა ჩემთვის გზა უფათერაკო და არც ისე სათავგადასავლო გამოდგა.

დილით გამთენიისას ავდექი, ფანჯრიდან გასასკენ გასამგზავრებლად მზად ავტობუსი დავინახე. როგორმე სხვა დროს მეც ამ ავტობუსით ვიმგზავრებ და არა როგორც ბურჟუი თეთრკანიანი ტურისტი – თვითმფრინავით. ვისაუზმე, ყავა დავლიე, თბილად ჩავიცვი და ავიკიდე გუდა ნაბადი, გავუდექი გზას. მთელი ჯომსომი მქონდა ისევ გასავლელი.

დილა ჯომსომში. ცენტრს გავცდი თუ არა, ვიღაც კაცმა გამომძახა რაღაც ოფისიდან. თურმე პერმიტზე ბეჭედი უნდა დაერტყა – მარშრუტზე რომ გავედი. კაცმა დიდ დავთარში ჩაწერა ჩემი სახელი, გვარი და ეროვნება.
ამ დავთრების მიხედვით არკვევდნენ ვინ დაიკარგა ტორონგ ლაზე ჩამომწვარ ზვავში და ვინ დაიღუპა. თუმცა ერთი დავთარი ანაპურნას ქედის ერთ მხარესაა, მეორე დავთარი მეორე მხარეს, ამიტომ ზუსტი მონაცემები ან არავინ იცოდა, ან მხოლოდ შივამ (გააჩნია ბუდისტს უკავია დავთარი ხელში თუ ინდუისტს). ჩემი მონაცემების მიემატა სქელ დავთარს და გზას გავუდექი.
წინა დღეს მთელი დღე ვერთმფრენების ხმა მესმოდა, მითუმეტეს აეროპორტის გვერდზე ვცხოვრობდი. ხაზეიკამ თქვა რომ ტორონგ ლადან 9 გვამი ჩამოასვენეს. მთელი ღამე კოშმარები მაწუხებდა, ვითომ ომალოში ვიყავი და გვამებს იქ ასვენებდნენ…

დილა მზიანი იყო, ღამის კოშმარები დავიწყებული, ქარი ჯერ არ უბერავდა და სუსხი იყო. შეიძლება ჩემი გაციებისა და ამ ღამის კოშმარის გამო ჩამჩა ჯომსომი ასე ცუდად გულში… ცივი, ქარიანი, სუსხიანი ადგილი კალი-განდაკის ხეობაში… რაღაცნაირი უსულო…

პანორამა ჯომსომის ხიდიდან.

ჯომსომელი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. ნეპალში ყველგან სკოლის ფორმაა, გინდ კატმანდუში, ჯონდ კაგბენიში.

ჯომსომი უკან დამრჩა და გავუდექი გზას ხეობაში… ჯერ ძალიან ციოდა, ჩრდილში ყინავდა, ქარიც დაიწყო. სახეზე ავიხვიე თეთრი შარფი რომ ყელი დამეცვა მტვრისგან და მშრალი ჰაერისგან. ერთფეროვანი პეიზაჟები. თავი სხვა პლანეტაზე მეგონა.

გაღმა ნაპირზე ვიღაცეები ჯომსომისკენ მიდიოდნენ.

ორი ბერი პირიქით ჯომსომიდან სადღაც მიდიოდა… ძალიან ფართო ხეობა და პატარა მდინარე… ფოტოაპარატის ელემენტის დამიჯდა…

და ეს ბოლო კადრი იყო გზაზე რაც გადავიღე. კაგბენიმდე 5 კილომეტრში რაღაც 5 სახლიანი სოფელია გზაზე, სადაც ჯანჯაფილიანი ჩაი დავლიე – ჩემი ყელისთვის სამოთხე. დავისვენე, ოფლი მოვიწმინდე, და უკანასკნელი 4 კილომეტრი უკვე ადვილად დავფარე. კაგბენი ძალიან ლამაზი და დიდი სოფელია. ხალხი ყანებში იყო, ქერს აგროვებდნენ, ბევრი იყო ხილის ბაღების. ოაზისი უდაბნოში, ჰიმალაებში… შემდეგ სოფელ ჯჰარკოტამდე 7 კილომეტრი იყო გუგლის თანახმად, მაგრამ ვერტიკალზე 800 მეტრი სხვაობა… ამ 800 მეტრის გავლის უნარი რომ არ მქონდა ვიცოდი. კაგბენიში დიდი თეთრი სახლი მომეწონა აბრით Nilgiri view hotel. შევედი, ჩაი მოვითხოვე. შემდეგ კი ვიკითხე ოთახის ფასი. 300 რუპია კარგი ფასი იყო. სახლი აუთენტიკური, და გადავწყვიტე ამაღამ აქ დარჩენა, საღამოთიუ კი სოფლის დათვალიერება.


Posted

in

, ,

by

Comments

Leave a Reply