ყველაზე ძველ გამოქვაბულებში არაა ქანდაკებები, აქ სტუპებია. ეს ჯერ ის დროა, როდესაც არსებობდა მხოლოდ თჰერავადა ბუდიზმი, ჯერ არ იყო არც ნაგარჯუნა, არც მაჰაიანა. ზოგი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ ბუდიზმში ქანდაკებების და ბუდას პიროვნების კულტტი ბაქტრიის სამეფოში გაჩნდა, ეს ბერძნულ-ინდური ბუდისტური სამეფო იყო, რომელიც წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობლური ომების შედეგად დღევანდელი ავღანეთის და პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში. ასევე შესაძლოა ბუდიზმმა ინდუიზმის გავლენაც უფრო მეტად განიცადა, ასეა თუ ისე ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან უკვე გაჩნდა ბუდას დიდი ქანდაკებები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.
ერთ-ერთი უძველესი ტაძარი შემორჩენილი ფრესკებით.
ეს კლდეში ამოკვეთილი ტაძარიც და ფრესკებიც ორ ათასწლეულს ითვლის უკვე.
მშრალი ზამთრის პირობებში ასე გადამხმარია აქ ყველაფერი. არა და ცხელა.
ეს ტაძარი საინტერესოა იმითაც, რომ ბუდა აქ ზის არა ლოტუსის პოზაში, არამედ ჩამოშვებული ფეხებით.
კიდევ ერთი უძველესი ტაძრის შესასვლელი.
ბუდას ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება. კარგად ჩანს არსებული კანონის ჩამოყალიბებამდე ტრანსფორმაციის რა გზა განვლო… გამოდის რომ VII საუკუნის შემდეგ ბუდას გამოსახვის მეთოდი აღარ შეცვლილა, ტიბეტში ეს ხელუხლებლად შემოინახეს.
ეს უკვე სხვა დარბაზია. კარგად ჩანს ტაძრების არქიტექტურის ევოლუციაც.
ეს ტაძარი არაა დასრულებული. კომპლექსი მიატოვეს და დარჩა ეს გამოქვაბული ასე.
ეს განსაკუთრებული ბარელიეფია, ერთადერთის, სადაც აღბეჭდილია ბუდა პარანირვანის, ანუ გარდაცვალების წინ.
ეს სტუპა ბარელიეფებითაა დაფარული.
ეს უკანასკნელი გამოქვაბული იყო. მერე ავედი გადასახედზე, საიდანაც ბრიტანელმა ჯარისკაცებმა პირველად დაინახეს აჯანტა.
მუსონების მერე ალბათ ულამაზესია.
ასე დავამთავრე აჯანტას მონახულება.
უკან გზაზე ბუდას ქანდაკებები ვიყიდე არც ისე იაფად და დავბრუნდი აურანგაბარში ჯიპით, რომელშიც უამრავი ხალხი ვისხედით.
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.