ის დღეები რაც 9 აპრილს მოჰყვა კარგად მახსოვს… რა ხდებოდა ჯერ კარგად არ მესმოდა… მაგრამ ყველაფერი რომ შეიცვალა ვხედავდი… სკოლაში აღარ იყო ლექსები ლენინზე, სახლში და მეზობლებთან რუსული არხები. იმ დროს 1 თბილისის არხი იყო და 2 რუსული. რუსულ არხებს აღარ ვრთავდით. პირველად გავიგე რუსებისადმი სიძულვილი, ის რომ რუსეთი ჩვენი მტერია და საქართველო დამოუკიდებელი უნდა გახდეს… ახალი ძველი დროშა.. ქალაქში ჯარები და კომენდანტი საათი… დედას სამსახურიდან ფეხით გრძელ გზაზე დაბრუნება რადგან არ იყო ტრანსპორტი… იმ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა.. იმ დღიდან დაიწყო დამოუკიდებლობისკენ სვლა, რაც დღემდე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა 26 წელი გავიდა…
ჩვენს შემდეგ იყო ბაქო, ვილნუსი, ტალინი…
იმ დღეს დაიღვარა ჩვენს მეხსიერებაში პირველი სისხლი რუსთაველზე… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 3 წლის შემდეგ რამდენი სისხლი იქნებოდა დაღვრილი და რა ომში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ჩაფლული…
9 აპრილს ჩვენ დამოუკიდებლობისთვის პირველი მსხვერპლი გავიღეთ… 24 წლის წინ დამოუკიდებლობაც გამოვაცხადეთ, კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა კავშირი თვითონ დაიშალა, ჩვენ კი ომში ვიყავით ჩაფლული…
9 აპრილზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო. ოფიციალური ვერსიით სსრკ-ს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა არაფერი იცოდა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში ხელისუფლებამ უკან დაიხია და თითქოს დაიბნა, რასაც დომინოს რეაქცია მოჰყვა და რამაც აღასრულა საბჭოთა კავშირი.
უკვე გაიზარდა თაობა საქართველოში, ვისაც არ ახსოვს 9 აპრილის დილა, ისინიც გაიზარდნენ, ვინც არც კი იყო მაშინ ჯერ დაბადებული… სამწუხაროდ დღეს ხმას გაბედულად ისინიც იღებენ, ვინც 9 აპრილის შემდეგ მხარს უჭერდა კომუნისტურ პარტიას და ისინიც ვისთვისაც იმ ღამეს დაღვრილი სისხლი ამაოდ იყო…
ჩემი შეგნებული ცხოვრება მუდმივად რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა და ასეთი ერთსულოვნება, რაც იყო მაშინ, 1989 წელს მას შემდეგ არ მახსოვს. თუმცა… 26 წელი გავიდა… ახლა უკვე შეიძლება თქმა, რომ რუსეთი მტერი არაა, არ ყოფილა ის სისხლი დაღვრილი რუსთაველზე, 26 წლის წინ, არ ყოფილა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომები… არ ყოფილა… მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ გაბედეს და ამ საბჭოთა გადმონაშთებმა კიდევ ამოიღეს ხმა… თითქოს არაფერი საერთოდ არ ყოფილა… მაინც ვიღას ახსოვს 26 წლის წინ რა მოხდა ამ ღამეს, 9 აპრილს…
მაგრამ მე მახსოვს.. ჩვენ გვახსოვს, ვინც მაშინ ჯერ მხოლოდ ბავშვები ვიყავით.