მზის ჩასვლა ჩერნივციში ძალიან ცივი გაზაფხულის დღის ბოლოს.
როგორც ვთქვი, პირველ დღეს საშინლად არ გამიმართლა ამინდში. 3 აპრილს თოვლი და ქარბუქი იყო. გაყინული მივდიოდი ვეძებდი რამე თბილ ადგილს. სამწუხაროდ ლვოვისგან განსხვავებით ჩერნივცი არ გამოირჩევა მუზეუმების სიუხვით.
თეატრს სწრაფად ჩავუარე.
ქალაქის მერია და ზეციური ასეულის მემორიალი ცენტრალურ მოედანზე.
ეს ვარდისფერი ბუკოვინის საკათედრო ტაძარია. რატომაა ვარდისფერი ვერ მივხვდი… გამახსენდა თბილისში ჭიაბერაშვილის მერობის დროს შეღებილი შენობები… აქაც ალბათ უკრაინელმა ან ავსტრიელმა ჭიაბერაშვილმა შეარჩია ასეთი ფერი…
შიგნიდან ეკლესია როგორც ეკლესია…
რომელიღაც მიტროპოლიტის ძეგლი. მოქმედება აპრილში ხდება.
როგორც წავიკითხე ეს ლამაზი ეკლესია “გერმანული” კათოლიკური ეკლესიაა. სამწუხაროდ უმოქმედო და მოუვლელი. ლვოვისგან განსხვავებით ჩერნივცი არც ისე მოვლილია, თუმცა სილამაზით არ ჩამოუვარდება…
მივაღწიე თბილ ადგილს – საუკეთესო უკრაინული რესტორანი გოპაჩოკი. მართლაც ძალიან კარგი სამზარეულოთი. ინტერიერი ეთნოგრაფიულ სტილში, თან თბილა! აქვეა “სოფლის ნობათის” მაღაზიაც.
ქალაქის ცენტრში არის სასეირნო ქუჩა, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის. ქუჩა ლამაზია ბევრი კაფეებით, მაგრამ ასეთ ამინდში არც ისე სასიამოვნო იყო სეირნობა.
გასათბობად ყავახანაში შევედი. რუსეთის იმპერიისგან განსხვავებით, ავსტრო-უნგრეთში ეთნიკური ჯგუფების უფლებები უხეშად არ ირღვეოდა. უკრაინელებს საკუთარ ენაზე განათლებაც ჰქონდათ, პრესაც, წიგნებიც, ამიტომ ავსტრო-უნგრული წარსულის მიმართ სხვანაირად არიან განწყობილები. ამ ყავახანაში გეგონება პირველი მსოფლიო ომი არ დაწყებულა ჯერ, ჰაბსბურგები მეფობენ, და მცირე ვენაში ხარ.
ჰაბსბურგების პორტრეტები. სალარო აპარატი გერმანული წარწერებით.
წავედი ისევ ცივ ქუჩებში სასეირნოდ…
მივაგენი სომხურ ეკლესიას, სადაც ახლა ფილარმონიაა. აფიშაზე წავიკითხე, რომ 7 საათზე კონცერტია. რადგან სხვა საღამოს გასართობი არ არის გადავწყვიტე მოსვლა, მაგრამ სალარო დაკეტილი იყო, სიცოცხლის ნიშნები არსად ჩანდა… წავედი…
ბერძნულ კათოლიკური ეკლესია…
ეს კი მართლმადიდებლური ეკლესიაა. რუმინელების მიერ აშენებული. არქიტექტურის თავისებური სტილის გამო მთვრალ ეკლესიას ეძახიან.
მართლმადიდებლები ბზობისთვის ემზადებოდნენ. ეს მცენარე ჩრდილოეთ ქვეყნებში ბზას ცვლის.
ესეც ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ინტერიერი. აქ აღდგომისთვის ემზადებიან.
მოსკვიჩ-ჯიპი?
გადავწყვიტე ავსულიყავი ცენტრში და გამეგო ფილარმონიის ასავალ-დასავალი, აბა საღამოს რა მეკეთებინა. თან ასეთ ქალაქში პირდაპირ მოითხოვს გონება რაიმე კულტურულ ღონისძიებას.
ერთ-ერთ მაღაზიაში ხის მოხატული კვერცხი ვიყიდე და გამყიდველს ვკითხე როდის იხსნება ფილარმონიის სალარო. მან გადარეკა გადმორეკა და ნახევარი საათით ადრე მიდიო. ტურისტი არაუკრაინელი აქ უცხო ხილია, ქართველები კი უკრაინაში ვუყვარვართ, და ისედაც ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ასე რომ ნებისმიერ კითხვაზე ყველა მზად იყო დამხმარებოდა.
სუვენირები და პატრიოტული გრაფიტი. ამ სახლში კი უკრაინულ ენას რეგიონალურის სტატუსი მიენიჭა, აქ მიიღეს ივან-ფრანკო, როდესაც იგი ჩერნივცის სტუმრობდა. ეს ყველაფერი ავსტრიელების დროს ხდებოდა.
მივბრუნდი ფილარმონიაში, იქ რეპეტიცია დამხვდა. ბოლეთები სასაცილო ფასი იყო – მე ვიპ ბილეთი 5 ჰრივნად ვიყიდე, ეს 50 თეთრია. ასეთი ფასები ბოლოს არ მახსოვს როდის და სად ვნახე. დარბაზში ისე ციოდა 90-ანი წლები გამახსენდა. წავედი კიდევ ყავის დასალევად კონცერტამდე.
ფრანც იოსები და სისი. ავსტრო-უნგრეთის აჩრდილები…
სომხური ეკლესია – ფილარმონიის ინტერიერი…
კონცერტი კარგი იყო მაგრამ ციოდა. მგონი მხოლოდ მუსიკოსების საახლობლო იყო მოსული.
წავედი სავახშმოდ. ძალიან ლამაზი მზის ჩასვლა…
ღამის ქალაქი…