ჯერ გზის გადაღმა კეთილი იესოს ბაზილიკაში წავედი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
ეკლესია მართლაც შთამბეჭდავია.
შიდა ეზო. ამანაც ესპანეთი მომაგონა…
რომელიღაც წმინდანი მთლიანად ყვავილებით მორთული, ეს ინდოეთია 🙂
როგორც წინა პოსტში დავწერე ქეთევან წამებული ირანში სიკვდილის წინ პორტუგალელმა მისიონერებმა აზიარეს, გარდაცვლილზეც მათ იზრუნეს. მისი ნეშთის ნაწილი კი გოაზე გადაასვენეს, როგორც ვარაუდობენ წმ. ავგუსტინეს მონასტერში. იმ დროს ძველი გოა დიდი სავაჭრო ქალაქი იყო ამოდენა ტაძრებით. იგი ევროპის დედაქალაქებზე მეტად დასახლებული და მდიდარი იყო. მაგრამ მერე ქოლერის და მალარიის ეპიდემიებმა გაწყვიტა მოსახლეობა, ქალაქი მიატოვეს და ახალ ადგილას ააშენეს. ეკლესიებიღა შემორჩა მარტო, ისიც ყველა არა.
წმ. ავგუსტინეს მონასტერი დაინგრა. იგი მთავარი ეკლესიებიდან მოშორებითაა გორაზე. ავედი ფეხით ამ სიცხეში.
იქ კი მხოლოდ ეს ნანგრევები დამხვდა.
ფასადი ოდესღაც შთამბეჭდავი იყო…
ნანგრევები.
ტურისტები აქ იშვიათად ამოდიან…
რამდენიმეჯერ აქ იყო ქართული ექსპედიციები ჩამოსული. ინდოელ არქეოლოგებთან ერთად ეძებდნენ ქეთევან წამებულის ნეშთს, მაგრამ დაზუსტებით კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეს ჯერ.
რამ დაანგრია ამოდენა ტაძარი ასე? არც ისე ძველია არც ისე დიდი ხნის დანგრეულია, არა და ისე გამოიყურება, გეგონება ათასწლეულებისაა…
პორტუგალელები დიდი ხანია არ არიან აქ. ინდოელებმა კი რა თქმა უნდა არც არაფერი იციან უცხო ქქვეყნის წამებული დედოფლის შესახებ…
თითქოს რაღაც განგებამ მოსპო ეს ტაძარი…
ხედი…
დავტოვე ამის შემდეგ ძველი გოა და პანჯიმში დავბრუნდი.
მაჰათმა განდის ძეგლი ზველ გოაში.
საღამო ჰოსტელში გავატარე, რადგან პანჯიმში მეტი არაფერი მესაქმებოდა. კანადელი გოგო გავიცანი და ერთად ისევ ვივა პანჯიმში ვივახშმეთ, რის შემდეგაც წავედი ავტოსადგურზე. ღამის ავტობუსით მაჰაბალეშვარში უნდა წავსულიყავი.
დასკვნა: გოას პლიაჟებს გოკარნა ჯობია, ფასებითაც და რუსების რაოდენობითაც.
პანჯიმზე თუ გოაში ხართ ღირს 1-2 დღის დახარჯვა, მეტი აქ არაფერი არაა გასაკეთებელი. სპეციალურად ამისთვის ჩამოსვლა არ ღირს. მშვიდობით გოა, წავედი ინდოეთის ბოლო შტატში – მაჰარაშტრაში!