ეჭვგარეშე, ლვოვი უკრაინის არა მხოლოდ ულამაზესი ქალაქია, არამედ ასევე კულტურული ცენტრი. ქალაქის ცენტრალური მოედანი კვადრატული რინოკ პლოშჩა არის, ანუ ბაზრის მოედანი, თუმცა დღეს ბაზრის გარდა ის ყველაფერს ჰგავს – სუფთა, იდეალურად მოწესრიგებული, გადაადგილება აქ მხოლოდ ფეხით შეიძლება. ლვოვში მატარებლით გამთენიისას ჩავედი, და გამიმართლა – სასტუმროში იყო ჩემთვის ნომერი, შევსახლდი, შხაპი მივიღე და გავედი სასეირნოდ.
ლვოვი XIII საუკუნეში დაარსდა. თავისი ისტორიის მანძილზე იგი ხან პოლონელებს ეკუთვნოდა, ხან ავსტრო-ნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო I მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ცენტრი გახდა. ქალაქის ძველი ნაწილი პოლონური პერიოდისაა, მაგრამ აქაც ყველგან იგრძნობა ავსტრიული შარმი.
ლვოვში ძირითადი ეკლესია ბერძნულ-კათოლიკურია – ანუ ლვოველები კათოლიკები არიან, თუმცა ლიტურგია ბერძნულ – მართლმადიდებლურთან მიმსგავსებულ ყაიდაზეა. ეკლესიების უმეტესობა ჯერ კიდევ პოლონელებმა ააშენეს, თუმცა დღეს რომაულ-კათოლიკური საკმაოდ ცოტაა. ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას აქ ეროვნულ ეკლესიად მიიჩნევენ. ამ ეკლესიების დათვალიერება ნამდვილად ღირს, მიუხედავად იმისა რომ ცენტრში უშუალოდ მთავარი მოედნის გარშემო ბევრი ეკლესიაა, ყოველი მათგანი უნიკალურია და გამორჩეული.
ყველასთვის კარგად ცნობილი ნავთის ლამპა რომ ლვოვში მოიგონეს არც კი ვიცოდი, მაგრამ ასეა, სომხური წარმოშვების ქიმიკოსის მოგონილი ყოფილა სწორედ ამ ულამაზეს ქალაქში.
ბოლოს კი ლვოვის რუქაც