ფოტო ჩემი არაა.
ბელაჰია-სუნაულის სასაზღვრო გამშვები პუნქტი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის, ვინც ხმელეთით გადადის ნეპალიდან ინდოეთში ან პირიქით. ბელაჰია სულ რაღაც 4 კილომეტრშია ბაირავასგან, რომლიდანაც კატმანდუში და პოჰარაში რეგულარულად დადიან ავტობუსები, იმ შემთხვევაში კი, თუ მოგზაური ღამე ჩარჩა აქ, სასტუმროებიც არის. ბელაჰიაში ფულის გადასახურდავებლებიც არის, ასე რომ გავყიდე რაც კი ნეპალური რუპები მქონდა დარჩენილი და ვიყიდე ინდური რუპები. ინდოეთის მხარეს სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია.
ვიზა უკვე აღებული მქონდა. საზღვარზე ინდოელები ვიზას არ იძლევიან. კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი – ელექტრონული ვიზით შესაძლოა ინდოეთში მხოლოდ ჩაფრენა, ხმელეთით ვერ შეხვალთ. ნეპალის მხარეს საზღვართან განლაგებულია საიმიგრაციო ოფისი, სადაც ვაჩვენე პასპორტი და ჩამირტყეს ბეჭედი, რომ ქვეყანა დავტოვე. საზღვარზე ისე გადავედი, არც ნეპალელებმა არც ინდოელებმა არ შემამოწმეს.
სუნაულიში საზღვართან ტაქსები დგას. პირველივეს მოველაპარაკე 1500 ინდურ რუპით გორახპურამდე ჩასვლა. გორახპური პირველი ქალაქია ინდოეთის მხარეს, საზღვრიდან 94 კილომეტრში. მგონი უფრო იაფადაც შეიძლებოდა შევაჭრება. ინდოეთის საიმიგრაციო ოფისი საზღვრიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია, ყურადღებით უნდა იყოთ რომ არ გამოგრჩეთ. მივედი, ჩამირტყეს ბეჭედი რომ საზღვარი გადმოვკვეთე და წავედი. აქვე მოხდა ჩემთვის ლეპტოპის ჩანთის წართმევის მცდელობა, პირდაპირ საიმიგრაციო ოფისთან. ჰო, ეს არაა ნეპალი! კეთილი იყოს ჩემი მობრძანება ინდოეთში, ერთ-ერთ ყველაზე საშინელ შტატში – უტარ პრადეშში. უტვინო ქურდი მანქანის კარების სახეში მირტყმით მოვიგერიე და წავედით გორახპურში. ამ დღეს ვარანასიში უნდა ჩავსულიყავი.
გზები საშინელია, სასაზღვრო ზონაში გადატვირთულიც. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით გორახპურში. პირველი ინდური ქალაქი ჩემს გზაზე, საიდანაც ჩასვლის მომენტიდან მომინდა რაც შეიძლება მალე გაქცევა და აღარასოდეს დაბრუნება. გორახპურში არის რკინიგზა. მაშინ ჯერ გამოუცდელი ვიყავი და არ ვიცოდი რკინიგზით სარგებლობის ხრიკები. ამიტომ წავედი ავტოსადგურზე. აქ დამხვდა დიდი ჯაბახანა სოფლის ავტობუსი, რომელიც მიდიოდა ვარანასიში. ბილეთი სასაცილო ფასი იყო. სხვა სასაცილო არაფერი არ იყო. გორახპურიდან ვარანასიმდე 200 კილომეტრია. სოფლის ჯაბახანა ავტობუსმა ეს მანძილი 6 საათში დაფარა. ასეთი კოშმარული მგზავრობა არ მქონია არც მანამდე არც მერე. გორახპურში ღამე გაჭედვაც ცუდი იდეაა, ქალაქი ძალიან ღარიბი და ბინძურია, სრულიად არატურისტული და ვეჭვობ უსაფრთხო სასტუმროების არჩევანიც არაა. უტარ პრადეშში ნეპალიდან ჩამოსულმა ტურისტმა უნდა ისწავლოს ახალი სიტყვა – უსაფრთხოება!
ისე ამ გზაზე ძნელი დასაჯერებელია, რომ ნეპალი განუვითარებელი უღარიბესი ქვეყანაა, ინდოეთი კი სწრაფად განვითარებადი. ის სიღატაკე და სიბინძურე რაც ტაქსის და ავტობუსის ფანჯრიდან დავინახე შოკისმომღვრელი იყო. მატარებლის უპირატესობა ინდოეთის ამ ნაწილში გზების კატასტროფული მდგომარეობაცაა. მიუხედავად იმისა, რომ უტარ პრადეში დაბლობია და არსად ერთი გორაც არაა, გზები კატასტროფულ მდგომარეობაში აქვთ.
რჩევები:
- სუნაულიში ან გორახპურში ღამის გათევა გამორიცხეთ. ჯობია ან ნეპალის საზღვარს ან ვარანასის მიაღწიოთ ერთი დღის მანძილზე.
- შეამოწმეთ მატარებლების გრაფიკი და ეცადეთ ვარანასიში მატარებლით ჩახვიდეთ. რკინიგზის ხრიკებს ავღწერ ერთ-ერთ შემდეგ პოსტში.
- სოფლის ავტობუსით ვარანასიმდე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ჩადით.
- დაგეგმეთ დილით რაც შეიძლება ადრე გასვლა. ეს გზა 300 კილომეტრია მაგრამ მთელი დღე და ენერგია მიაქვს.
- საჭმელი საკუთარი იქონიეთ. ისეთი ანტისანიტარიაა, რომ გზაზე ჭამა გამორიცხულია.
ვარანასიში უკვე გვიან საღამოს ჩავედი. ქალაქში ორიენტაცია ძალიან ძნელია. ტუკტუკები და რიქშები მდინარემდე არ მიდიან და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა ფეხით მომიწია.
შემდეგ პოსტებში უკვე ვარანასიზე მოვყვები.