თეირანიდან ისპაჰანში ძალიან კომფორტული ავტობუსით მოვხვდით. VIP კლასი არც ისე ძვირი დაგვიჯდა. საერთოდ რაც ირანში ძალიან მომეწონა ტრანსპორტის კომფორტულობა და სიიაფეა, ჩემნაირი ბოშა ტურისტისთვის მიღწევა. მეფესავით ბოლომდე გავშალე ფეხები და ვიყურებოდი ფანჯრუდან.
– აიდა, ამ ქვეყანას ისლამი კი არა ბუდიზმი უფრო შეეფერება. – ვთქვი სადღაც 200 კილომეტრის შემდეგ.
– რატომ ვითომ?
– აბა ნახევარი გზა გავიარეთ და არც სოფელი გვინახავს, არც ქალაქი, არც ხე, არც ბუჩქი, სრული სიცარიელეა, ამ ქვეყნიურ ამაოებაზე გაფიქრებს.
ერთადერთი რაც ვნახეთ ბენზინგასამართი სადგურები იყო. ირანული პირველი რიკოთი თეირანთან ახლოსვე აღმოჩნდა. “რიკოთი” კულტურული იყო, ტუალეტები, კაფე, ყავა. კი გამიკვირდა ამოდენა გზაზე ასე მალე რატომ გავჩერდით.
კიდევ 200 კილომეტრის მერე ბუნებრივმა მოთხოვნილებამ კვლავ შეგვაწუხა.
– რატომ აღარ აჩერებს ეს შობელძაღლი! – ჩავიბუტბუტე მე ტანჯული ხმით
– ლოცვის დრო იყო – თქვა აიდამ არანაკლები ტანჯული ხმით.
თურმე ირანში რიკოთი მხოლოდ სალოცავად იგულისხმევა და მხოლოდ ჩვენნაირი ურჯულოები ვიყენებთ ამ დროს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ყავის დასალევად, მორწმუნე მუსულმანები ლოცულობენ.
– ილოცეთ რა მეფსია – წავიკვნესე მე …
***
სადგურზე ნიკო ონიკაშვილი დაგვხვდა, ისპაჰანში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი, მან ქართულ კაფეში წაგვიყვანა, სადაც ფერეიდნელები ხშირად იკრიბებიან ხოლმე. კაფე კი სომხურ უბანშია.
მეორე დღეს კი სომხურ ეკლესიებში ქართველების საფლავები გვანახეს. სპარსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე სომხებს ქართველებისგან განსხვავებით არ აიძულებდნენ გამუსულმანებას, ამიტომაც სომხური ეკლესიები ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიებია ისპაჰანში.
სხვათაშორის ქალაქში კარგი ყავაც მხოლოდ ამ უბანში მოიპოვება 🙂
თვითონ სომხური ეკლესიაც საინტერესო სანახავია – სუფთა სპარსული ხელოვნების ქრისტიანული ვერსია. ეჩმიადინშიც კი არ აქვთ სომხებს ასეთი შთამბეჭდავი ეკლესიები, ირანელები კი ძალიან ბევრს მოიგებდნენ ასეთი გადამკვდარი მუსულმანები რომ არ ყოფილიყვნენ.
ეკლესიის ეზოში მუზეუმია, სადაც ერთადერთი ექსპონატია ქართულ ენაზე…
სწორედ ის ცნობილი ხიდი
სომხები მუდამ თავის რეპერტუარში 🙂
შემდეგ ვნახეთ სწორედ ის ცნობილი ხიდიც, რომელიც XVII საუკუნეში ალავერდი ხანმა ააშენა. ხშირად ამბობენ რომ ხიდს 33 თაღი იმიტომ აქვს რომ ქართულ ანბანში 33 ასოა, მაგრამ ეგ თანამედროვე ქართულშია 33 ასო, ხოლო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში 38 ასო იყო ,
,
,
,
– ამ ასოების ამოღება ილია ჭავჭავაძის დროს მოხდა, ასე რომ ეგ 33 თაღის 33 ასოსთან დაკავშირება სრული აბსურდია.
შემდეგ კი მე და აიდამ დამოუკიდებლად განვაგრძეთ ამ ძალიან საინტერესო ქალაქის შესწავლა.