Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ირანი, თეირანი

Aug152016
Irantravelთეირანი

ფოტო არაა ჩემი.

ირანში მოგზაურობა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. პირველი წვეთი მაჰაბალეშვარში იყო – სადაც მეზობლები მყავდნენ გერმანელები. მათ მომიყვნენ, რომ რიშიკეშში რუმინელები გაიცნეს, ვისაც ირანი ავტოსტოპით ჰქონდათ შემოვლილი და აღფრთოვანებულები უყვებოდნენ ამ ქვეყანაზე ყველას. ამავე დროს დავფიქრდი და ვუთხარი მეზობლებს, რომ ევროპელებისგან განსხვავებით ჩვენთვის ირანი უვიზოა.
– მაშინ წადი, რას უყურებ! – მითხრა გერმანელმა. მეც დავფიქრდი.
ინდოეთიდან საქართველოში ნაცვრისფერი თებერვლის დღე იყო რომ ჩამოვედი. მომთაბარე ცხოვრებიდან სახლში დაბრუნება ჯერ მიხაროდა, მაგრამ ერთ კვირაში უკვე საკუთარ ოთახს რომ ვუყურებდი თავი ციხეში მეგონა… – ნუ თუ აქ უნდა მეძინოს სულ? სადმე უნდა წავიდე! – ვფიქრობდი… გარეთ ნაცრისფერი თებერვალი ნაცრისფერი მარტით შეიცვალა.
სამხრეთ აზიიდან დაბრუნებისას ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სამყარომ ფერები დაკარგა, ხმებიც, სუნებიც… რაღაც ძალიან ნაცრისფერი, ჩუმი, უსუნო და უფერულია ეს თბილისი, თან ცივი….
დავიწყე ფიქრი ირანზე, თან რაც შეიძლება მალე.
პირველად მოხდა ისე, რომ მარტო არ წავედი…
ამ ფიქრში დავურეკე ჩემს ამხანაგს აიდას, რომელმაც ადრე ინდოეთზე გამიწია კონსულტაცია და ვკითხე რა იცის ირანზე, რადგან მე საერთოდ არაფერი ვიცოდი… მხოლოდ ის რომ ისლამური რესპუბლიკაა, მტრობს დასავლეთთან და სავალდებულოდ ატარებენ ხიჯაბებს თუ ჩადრებს, რა იყო სხვაობა არც ეგ ვიცოდი. ჩემთვის მოულოდნელად აიდა ენთუზიაზმით აენთო და თქვა რომ მასაც უნდა ირანი, ნამყოფი არაა, და ჩემთან ერთად წამოვა… ასე ვიპოვე თანამგზავრი. დაიწყო დაგეგმვა. ვიყიდეთ ბილეთი – ნოვრუზ ბაირამის შემდეგ.
ასევე აიდას იდეა იყო რომ გვესარგებლა ქოუჩ სერფინგით. ესეც რაღაც ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. აიდა მუსულმანური ქვეყნიდანაა, გულის სიღრმეში იმედი მქონდა რომ დაღესტნის 1001 ენიდან რომელიმე ახლოსაა სპარსულთან და აიდა შეძლებდა ადაპტირებას, რადგან ინგლისურის იმედი დიდად არ მქონდა. ამიტომაც სიხარულით დავთანხმდი ერთად წასვლაზე.

ირანის ბლოგი განსხვავებული იქნება – რადგან ფოტოები ცოტა ჩამოვიტანე. თეირანში ერთხელ სახლში დამრჩა აპარატი, ისპაჰანში კი საერთოდ გამიფუჭდა და იაზდში და შირაზში მობილურის ამარად ვიყავი.

3 აპრილი, ბაქოს აეროპორტი, რეგისტრაცია თეირანის რეისზე. გვეძინება.
თვითმფრინავში მე ფანჯარასთან ვიჯექი, გვერდზე აიდა, და გასასვლელთან აზერბაიჯანელი საშუალო ასაკის ქალი იჯდა. აიდა მას დაუმეგობრდა და მთელი გზა საუბრობდნენ. პრინციპში გზა არცაა გრძელი – თბილისი – ბაქო 50 წუთი. ბაქო თეირანი კიდევ 50 წუთი და სულ სხვა სამყაროში ხარ. კარგია აიდა რომ წამოვიდა, მე ხალხთან უფრო მიჭირს ურთიერთობა, ლაპარაკი არ მიყვარს… აიდა კი ყველას ელაპარაკება. მე ჩუმად ვუსმენ.
ჩვენი მეზობელი კი აზერბაიჯანელი იყო, თეირანში გათხოვილი.

– ქმარს ვთხოვ ხოლმე აზერბაიჯანის ავია ხაზებზე მიყიდოს ბილეთი და არა ირანისა, რადგან ირანულ თვითმფრინავში ხიჯაბი უნდა გეხუროს, აქ კი 1 საათი უხიჯაბოდ ვარ.

თქვა მეზობელმა ქალმა. მე გამიკვირდა, 1 საათი რას ცვლის? შემდეგ კი ხშირად ვიხსენებდი ამ ქალის სიტყვებს… ერთი საათიც თურმე ბევრ რამეს ცვლის…
კარგად გათენებული იყო თეირანში იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტში რომ დაჯდა ჩვენი თვითმფრინავი. ყველა ქალმა ხიჯაბი გაიკეთა. აიდამაც მოიხურა შარფი თავზე, მეც.. თუმცა დახმარება ვთხოვე აიდასაც და მეზობელ ქალსაც… წავედით…

ჩვენ მხოლოდ ხელბარგი გვქონდა, ამიტომ საპასპორტო კონტროლთან მალევე მივედით. მესაზღვრე შავ ჩადრში გამოწყობილი ქალი იყო. მე გავუღიმე და… “ნამასტე!…” ვაი დედა ეს არ უნდა მეთქვა “ჰელოუ!” თუმცა ინდოელი მუსულმანებისგან განსხვავებით, ირანში ეს სუფთა ინდუისტური მისალმება არ იწვევს არავითარ ემოციებს, და პასპორტში ჩამირტყეს გაუგებარი სიმბოლოებით შტამპი. საზღვარი გადმოკვეთილია – მე მიყურებს იმამ ჰომეინი კედლიდან, ეჭვიანი, ბოროტი თვალების გამჭოლი მზერა ნახევრად გაჭაღარავებული წვერი, ნაოჭებიანი სახე.. შემდეგი ორი კვირა სულ ეს სახე მიყურებდა, ვერსაც ვემალებოდი ამ გამჭოლ მზერას.

ირანული ფულიგადავახურდავეთ ფული… ირანის ვალუტა რეალი არაკონვერტირებადია, ირანის გარეთ მისი ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ოფიციალური და შავი კურსი განსხვავებულია. აეროპორტში 100 ევროზე მომცეს 3 950 000 რეალი. ეს კარგი კურსი იყო. თან ფულის გადამხურდავლებლები მატყუარები არიან, იციან ხოლმე 100 000 ან 50 000 რეალის მოტეხვა. ამიტომ ფული სალარისთან გადაითვალეთ და კუპიურებზე ნულების რაოდენობაც.

ასე გავხდით მე და აიდა მილიონრები.

ნულების ჭარბი რაოდენობის გამო, ირანელები არ ამბობენ ფასებს რეალებში, არამედ თუმანებში – ჰო თუმანი სპარსული სიტყვაა და გასაგებია რასაც ნიშნავს – 10 რეალს. ეს კიდევ უფრო დამაბნეველია, როდესაც გეუბნებიან 100 000, რა უნდათ – 100 000 რეალი თუ 1 მილიონი რეალი? მე კიდევ სულ რუპები მერეოდა ყველგან ისევე როგორც ნამასტე და ბოლოს 100 000 რეალს 100 რუპი დავარქვით.

თეირანში ქოუჩით ვიპოვე ახალგაზრდა წყვილი, ქალაქის ჩრდიოეთ ნაწილში, რაც ძალიან პრესტიჟული და ძვირი უბანია. სიმ ბარათი აეროპორტში ვერ ვიყიდე .. უფრო სწორედ ვერ გავიგე მარტო სიმ ბარათი როგორ უნდა ღირდეს 15$ და ტაქსით წავედით ჩრდილოეთ თეირანში. სამხრეთი ნაწილი უსახურია ღარიბი, ცენტრიც უსახური, ჩრდილოეთიც დიდი არაფერი მაგრამ მდიდარი. ჩვენს მასპინძლებს წინასწარ დაავიწყდათ გაფრთხილება, რომ სახლში საღამომდე ვერ მოვლენ. როდესაც მივადექით და დავურეკეთ ტაქსისტის ტელეფონით მაშინ თქვეს მარტო 6-ის მერეო. წინ კი მთელი დღე გვქონდა უცნობ, უზარმაზარ ქალაქში.

უძილო ღამის შემდეგ – ყავა უპირველეს ყოვლისა. ახლოსვე ვიპოვეთ სტარბაქსის ირანული ვერსია და მივედით – ეს რაეს კაფე იყო. სტარბაქს კი ჯობია, მაგრამ ფართო ქსელი რომ ყოფილიყო კიდევ უფრო ემჯობინებოდა. ყავა, წყალი, საჭმელი, WI-FI… სიმ ბარათი კიდე ვერ ვიყიდე. დავიწყეთ გარკვევა სად ვართ და რა ვქნათ.

ჩრდილოეთ თეირანში არის – უკანასკნელი შაჰის სასახლე, თუმცა მოშორებით, ჩვენგან ახლოს კი კინოს მუზეუმი აღმოჩნდა. აიდას უთხრეს რომ ეს აუცილებლად სანახავი ადგილია. მეც მოხიბლული ვიყავი ირანული კინემატოგრაფიით და წავედით მუზეუმისგენ, თან თეირანის მდიდარ ნაწილს ვათვალიერებდით.

თეირანი
თეირანი
თეირანი

კინოს მუზეუმშიც მალე მივედით. ადგილი შთამბეჭდავი იყო და ნახვად ნამდვილად ღირდა. მუზეუმის გარშემო სიმპატიური პარკიცაა.

კინოს მუზეუმი
კინოს მუზეუმი

პარკი
კინოს მუზეუმი

კინოს მუზეუმი
კინოს მუზეუმი

კინოს მუზეუმი
კინოს მუზეუმი

კინოს მუზეუმი
კინოს მუზეუმი

კინოს მუზეუმი
კინოს მუზეუმი

ჩრდილოეთ თეირანი და კინოს მუზეუმი რუქაზე:

იქვე ადგილობრივი შარდენის ვერსიის კაფეში დავსხედით და ცოტა შევჭამეთ. ჩრდილოეთ თეირანში საინტერესო რამეები შევნიშნეთ – აქაურ “ოქროს ახალგაზრდობას” ისლამი ძალიან ყელში ამოსული აქვს, გოგოების ხიჯაბები სადღან კეფაზეა – ვითომ არის ვითომ არა, ქცევები საკმაოდ თავისუფალი, მწეველი გოგოებიც ბლომად არიან, სიტუაცია თითქმის ევროპული. ერთ ყრუ ქუჩაზე უხიჯაბო ქალიც ვნახეთ – ეს კი კანონით ისჯება.

ჩვენი მასპინძლების ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწია. სახლთან გავიცანით რუმინელი დიპლომატის დედა – რომელიც შვილთან იყო სტუმრად და ამბობდა რომ ირანში ცხოვრება ჯოჯოხეთია და ბოსნიელი ირანელზე გათხოვილი, რომელიც ცხოვრებას არ უჩიოდა. ჩვენი დასკვნა – მიუხედავად ინფრასტრუქტურის განვითარებისა და როგორც ჩანს საკმაოდ კარგი ცხოვრების დონისა, არამუსულმანებისთვის აქ გაძლება შეუძლებელია. ეს დასკვნა ორი კვირის მანძილზე კიდევ უფრო გამყარდა.
როდესაც მასპინძლების ნახვის იმედები გადაგვეწურა და დავიწყეთ სასტუმროს ძებნა – ისინი გამოჩდნენ და როგორც იქნა მივედით სახლში. მასპინძლები ახალგაზრდა წყვილი იყო, მორწმუნე მუსულმანები, თუმცა სიმპატიური ხალხი, ვივახშმეთ, ვისაუბრეთ და დავიძინეთ მე და აიდამ ხალიჩაზე. ძილი კი ისე გვინდოდა როგორც არაფერი!

სახლი, რომლის სტუმრებიც ვიყავით, ქართული გაგებით მდიდარი იყო, ვილის პირველი სართული ეკავა ამ ოჯახს, 3 ოთახი, შემოსასვლელი და სამზარეულო. სამზარეულკო ძალიან პატარა იყო, ყველა ოთახში ხალიჩა, სასადილო ოთახში დიდი მაგიდა და სკამები, რაც უეჭველი ძალიან ძვირფასი იყო. თუმცა მისი დანიშნულება ვერ გავიგე – იატაკზე გაგვიშალეს სუფრა, იატაკზე ვისხედით სულ… რაღაც მარიაჟობია ვარიანტი იყო ეს სასადილო მაგიდა…
ჯერ შეუჩვეველი ვიყავიო აქაურ ყოფას, მერე კი გავიგე – ირანში მთავარია გქონდეს კარგი ხალიჩა – ხალიჩაზე ჭამენ, ხალიჩაზე სძინავთ, ხალიჩაზე სხედან და საუბრობენ, სვამენ ჩაის. სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. სახლზე და სახლის მოწყობაზე ირანელები დიდ ფულს ხარჯავენ.

– ეს თქვენ ქართველებს არ გესმით! – ამბობდა აიდა – ასე დაღესტანშიც არავინ ცხოვრობს ისე როგორც შენ ან ჩემი ყოფილი ქმარი! რომ გავთხოვდი მერე გავაკეთე რემონტი და ყველაფერი, იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, ჩემი ქმარი კი ვერ ხვდებოდა ამას! შენც ვერ ხვდები! ჩვენთვის კი გაუგებარია, შენნაირი შემოსავალი ჰქონდეს ადამიანს და 35 წლის წინანდელი რემონტი.

ჰო ჩემთვის ეს გაუგებარია… ათასობით დოლარი ხალიჩებზე და ავეჯზე რატომ უნდა დავხარჯო… ფასეულობებია სხვა, პრიორიტეტები…

ასე დამთავრდა პირველი დღე ირანში.

Category: Iran, travelAugust 15, 2016Leave a comment
Tags: თეირანიირანი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ირანი პრაქტიკული ინფოNextNext post:დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016
მზის ამოსვლა ბომბეიში
ბომბეის კოლორიტი
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes