გოა ყველაზე არაინდური შტატია ინდოეთში. ყველაზე მდიდარი და ტურისტული. თან აქ პორტუგალელები ბატონობდნენ და არა ინგლისელები, ამიტომ ყველაფერი განსხვავდება. მარგაოს სადგურზე სისუფთავემ გამაოცა. ტაქსისტს მარიო ერქვა. აქ მოსახლეობის მეოთხედი ქრისტიანია და სახელები პორტუგალული აქვთ… ტაქსმა ჩამიყვანა ბენალიუმში სასტუმრო ვუდსტოკში. ეს ზღვის პირას ბუნგალოები იყო და ღირდა 700 რუპი. ფასები აქ ზოგადად გოკარნაზე საგრძნობლად ძვირია.
პირველი რაც არ მომეწონა სწორედ ფასები იყო… მეორე რუსი ტურისტების კატასტროფული სიმრავლე, რუსული წარწერები, მთვრალი რუსების შეძახილები, ინდოელებისგან მოსალმება “პრივეტ კაკ დელა”… მეორე დღესვე მომინდა გაქცევა… მაგრამ საით. კიდევ 2 დღე გავატარე http://www.maharashtratourism.gov.in/ საიტის ზედმიწევნით შესწავლაში. საქმე ისაა, რომ მუმბაიდან აურანგაბადამდე მატარებლის ბილეთი ნაყიდი მქონდა. ამიტომ მხოლოდ 7 კვირა მქონდა დრო. დიდი მგზავრობა რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლით მეზარებოდა. ანუ გასაქცევი არიალი კარნატაკას ჩრდილოეთით და მაჰარაშტრას სტატებით შეიზღუდა. მაჰარაშტრაც ძალიან დიდია… საქართველოზე რამდენიმეჯერ დიდი. ლოგისტიკა ინდოეთში კი მარტივი თემა არაა, შეიძლება პუნქტი ა-დან ბ-მდე სულ 300 კილომეტრი იყოს და არავითარი პირდაპირი ტრანსპორტი, მატარებლების და ავტობუსების სეცვლით კი 300 კილომეტრი მინიმუმ 1 დღის გზაა.
ამიტომ ბოლოს გავჩერდი მაჰაბალეშვარზე, რომელიც გოასა და მუმბაის შორისაა. დავტოვე სანაპირო და წავედი გოას დედაქალაქ პანჯიმში, რომელიც სხვათაშორის ძალიან მომეწონა.
პანჯიმი პატარა და კოხტა ქალაქია. პორტუგალული გავლენა ძალიან ეტყობა. მე ეს ქალაქი სამხრეთ ესპანეთს მაგონებდა, რადგან პორტუგალიაში არ ვარ ნამყოფი.
ინდოეთში ეს პირველი ქალაქია რომელიც მომეწონა როგორც ქალაქი, მყუდრო, კარგი სასეირნო.
დავბინავდი ჰოსტელ Old quarter. ევროპული დონის ჰოსტელსი შერეულ დორმში საწოლი 550 რუპი დამიჯდა. პანჯიმი არაა იაფი ქალაქი. მაგრამ ჰოსტელი მართლაც ძალიან კარგი იყო. პირველად ვნახე სუფთა ზეწარი და ცხელი შხაპი 2016 წელს.
პანჯიმის საკათედრო ტაძარი. ადრე პორტუგალელების დედაქალაქი სანაპიროდან უფრო ღრმად იყო, ძველ გოაში, აქ მეზღვაურები რომ ჩამოდიოდნენ ინდოეთში მადლობას სწირავდნენ უფალს უსაფრთხო მოგზაურობისთვის და გზას აგრძელებდნენ ქალაქისკენ.
კვირა დრე იყო, არაფერი არ მუსაობდა მე კი აავტობუსის ბილეთი მჭირდებოდა… დავდიოდი დრო გამყავდა…
კიდევ პორტუგალური აქცენტი… მომწონს პანჯიმი…
ინდუისტური ტაძარი. პორტუგალელების დროს ინდუიზმი იდევნებოდა.
პორტუგალიას თითქოს მოწყვიტეს რაღაც და ინდოეთში გადმოისროლეს…
შემდეგ პოსტში განვაგრძობ ბოდიალს, ვნახავ ძველ გოას და ქეთევან წამებულის საფლავს.